შესაზარი ხმა და საოცარი სისასტიკე: რამდენიმე ამბავი ქართულ გმირობაზე

© rawpixel.com / Baifernმეომარი მხედარი
მეომარი მხედარი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2023
გამოწერა
ათასწლეულების განმავლობაში ქართველები გამუდმებით ბრძოლებში იყვნენ ჩაბმულნი. ცეცხლში იწრთობოდა ქართველი კაცის ხასიათი და უშიშარი სული, რის გამოც მტრებიც კი პატივს სცემდნენ.


უცნობი არაბი ისტორიკოსი წერდა:
„ქართველი მეომრები არიან წვეროსანნი, პირქუშნი, ზორბა ტანისანი და სარდლის ერთგულნი. მათ სხვა მეომრებთან ისეთივე უპირატესობა აქვთ, როგორც მტაცებელ ცხოველებს სხვა სუსტ ცხოველებთან. ომში საოცრად იბრძვიან, შესაზარი ხმა აქვთ და საოცარი სისასტიკე. ქართველები ომშიც კი მღერიან და საბრძოლოს უკრავენ, რაც მათ დიდ მხნეობას მატებთ. ქართული ლაშქარი ერთი მთლიანი ორგანიზმია, რომლის ერთობის შემთხვევაში, მისი დამარცხება შეუძლებელი ხდება“.
ქვემოთ ქართული გმირობის შესახებ რამდენიმე ისტორიას გიამბობთ.
***
1779 წელს ოსმალთა სულთანმა აბდულ ჰადიმმა დიდი არმია გამოაგზავნა საქართველოს ასაოხრებლად. თურქებმა კავშირი აფხაზებთან, ყირიმელ თათრებთან და ჩრდილო კავკასიელ ხალხებთან (ადიღეელები, ჩერქეზები, ბალყარელები) შეკრეს და ერთად დაიძრნენ „გურჯისტანის“ ამოსაგდებად.

როცა მტერი სამეგრელოს მიადგა, ოდიშის მთავარი კაცია II დადიანი მიხვდა, რომ დამპყრობლებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და დახმარებისთვის თავის მტერს, იმერეთის ხელმწიფე სოლომონ პირველს მიმართა: ძველი წყენა დავივიწყოთ და ქრისტეს რჯულის ამოსაგდებად მოსულ თურქებთან ბრძოლაში დამეხმარეო. მეფემაც მაშინვე შეკრიბა იმერელ-გურულთა ჯარი და მტარვალთა განსადევნად გასწია.
რუხთან სასტიკი ბრძოლა გაიმართა. ლომივით იბრძოდა იმერთა მეფე:
„მაშინ ამხედრდა მეფე სოლომონ ჩვეულითა კისკასითა გულითა და წარუძღვა რამოდენსამე გუნდსა მხედრობისა იმერ-ოდიშართა და მიუხდა მარჯვენით მამაცად და მრავლისა ბრძოლისაგან განგლიჯა წყობანი“.
ბრძოლა ქართველთა სრული გამარჯვებით დამთავრდა. ბევრმა გადამთიელმა დაასრულა იმ დღეს სიცოცხლე მათ მახვილებზე. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და დიდძალი ალაფი − მათ შორის მტრის არტილერია.
რუხის ბრძოლამ დიდი ხნით შეაჩერა ჩრდილოეთიდან თურქთა ექსპანსია საქართველოში.

და კიდევ: უკეთურნიცა და მოკეთეებიც კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ იმაში, რომ ურთიერთბრძოლებში ჩაძირული და სისხლისგან დაცლილი საქართველოებიც კი არ იყო იოლი საკბილო მტრისათვის.

***
1918 წლის 22 დეკემბერს, სადახლოსთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში, ქართული არტილერიის ბატარეა სომხების ალყაში მოექცა. თითქმის ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ ქართველებს ნაღმები გაუთავდათ. პოლკოვნიკებმა ირაკლი ცაგურიამ და კოკი კიზირიამ და კაპიტანმა ქარუმაძემ გადარჩენილ 80 ქართველ მებრძოლს მოუყარეს თავი და შეტევაზე გადავიდნენ.
გაზეთი „სახალხო საქმე“ წერდა:
„ქართველმა მეომრები ხმლით ხელში ხუთჯერ მეტი ძალების წინააღმდეგ საიერიშოდ წინ გაიჭრნენ. კიზირიას ოთხი ტყვია მოხვდა, გაუგლიჯა ლითონის ღილი, ბინოკლი და მკლავზე ტანისამოსი. ცაგურია ლომი იყო ამ დროს, გაშიშვლებული ხმლით ხელში შეიჭრა მტრის ბრბოში და როცა მათი მეთაური ოფიცერი და ერთი ჯარისკაცი გაჰკეპა, სხვები დაფრთხნენ და გაიქცნენ. ცაგურია ხიშტით დაჭრეს ხელში და ბარძაყში“.
იმ ბრძოლაში ქართველებმა ბრძოლით გაიკვალეს გზა და სამშვიდობოს გავიდნენ. მეორე დღეს კი ცაგურიას მცირერიცხოვანი სამთო ბატარეა იქით გადავიდა შეტევაზე − სოფელ ბოლნისთან გამაგრებული სომხები სანგრებიდან ამოყარა და სტრატეგიულ სიმაღლეებიდან განდევნა.
არადა, მანამდე დამარცხება თითქოს გარდაუვალი იყო...
***
1738 წელს დმანისის ციხეს ლეკები შეესივნენ. გამოუხდნენ მეციხოვნე ქართველები ქაიხოსრო ყაფლანიშვილის სარდლობით და „მაშინვე გააქციეს ლეკნი, ისე ამოწყვიტეს, რომ რისხვა ღვთისა დასცეს, ათს დღემდის ტყეში იჭერდნენ მრავალს და მოყვანდათ ცოცხალი დმანისსა შინა“.
ლეკების მეორე ნაწილმა მოასწრო ახალგორიდან ტყვეებისა და ნაძარცვის გაყოლიება და კახეთს გაღწევა, მაგრამ ახმეტასთან დაუხვდნენ ქართველები და ერთიანად გაწყვიტეს ათას ხუთასი ლეკი...
***
1855 წელს, „ყირიმის ომის“ დროს, თურქებმა − ფრანგებისა და ინგლისელების დახმარებით, მიწასთან გაასწორეს რუსეთის არმია. ყირიმიდან თურქები საქართველოში შემოჭრნენ და აფხაზეთ- სამეგრელოში სისხლის მდინარეები დააყენეს.
სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელმა დედოფალმა ეკატერინე ჭავჭავაძემ თავადიშვილები შემოიკრიბა, იარაღი აისხა და თურქებს ბრძოლა გაუმართა.
დედოფლის სიმამაცით გამხნევებულმა ოდიშარებმა მტერი სასტიკად დაამარცხეს და განდევნეს.
***
თბილისი რომ მაჰმადიანებს ეპყრათ, იმ დროს ერთი უცნაური ამბავი შემთხვევია დავით აღმაშენებელს.
განჯიდან დიდი ქარავანი მოადგა თურმე ქალაქს, რომელსაც მრავალი თურქი ახლდა თან. მეფეს თხუთმეტი რჩეული მსახური გაუგზავნია ლოჭინისკენ ნახირის გამოსადევნად, რათა თურქებს არ გაეტაცათ საქონელი, სამასი მეომარი ავჭალაში დაუყენებია, თვითონ კი, ერთი ხმლის ამარა, მარტოდმარტო დასდგომია გზას.
ერთ ადგილას ცხენიდან ჩამომხდარა მეფე და წიგნის კითხვას შეჰყოლია. ისე გაერთო თურმე კითხვით, რომ ნახირისა და თურქების ამბავი სულ გადავიწყდებია დავითს.
ამასობაში მსახურებს ლოჭინიდან ნახირი გამოედევნათ, მაგრამ ასამდე თურქი წამოსწეოდათ და ბრძოლა გამართულა. ქართველები თავგანწირვით კი იბრძოდნენ, მაგრამ თხუთმეტი ქვეითი ას მხედარს როდემდე გაუძლებდა?
უეცრად მეფე დავითს ხმაური შემოსმია. უცებ მიმხვდარა, რაც მომხდარიყო და ისიც უაზრია, სანამ ავჭალას დაბანაკებულ მეომრებს ამბავს ვაცნობებ, ამასობაში თურქები მსახურებს დამიხოცავენო. ამიტომ მყის ცხენზე ამხედრებულა და ხმას მიჰყოლია.
არწივივით ჩამოუფრენია თურქებისთვის მეფეს და იმ ერთ ჩამოქროლებაზე იმდენი მომხდური დაუხოცავს, რომ თხუთმეტივე ქართველი ქვეითისთვის „გამოუთავისუფლებია“ ცხენები. ამხედრებულან ქართველები ცხენებზე და მეფის მხარდამხარ დარევიან თურქებს.

ამბობენ, იმ ბრძოლაში ხმალი მტერზე ცემამ ისე დაუღვრაჭნა, რომ ქარქაშში ვეღარ ჩააგოო აღმაშენებელმა...

ყველა ახალი ამბავი
0