საქართველოს თასის ფინალში ბათუმის „დინამო" და თბილისის „საბურთალო" დაუპირისპირდებიან

© courtesy of FC Dinamo Batumiბათუმის „დინამოს" ფეხბურთელები
ბათუმის „დინამოს ფეხბურთელები - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
გადამწყვეტ მატჩამდე სულ ცოტა დრო დარჩა.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალური საფეხბურთო მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 6 დეკემბერს გაიმართება. თასისთვის ერთმანეთს თბილისის „საბურთალო" და ბათუმის „დინამო" დაუპირისპირდებიან.
ბათუმის „დინამომ" თასის ნახევარფინალში „კოლხეთს" 3:1 მოუგო. გუნდი ფინალში მეექვსედ გავიდა (1993, 1995, 1996, 1997, 1998 წლები), თუმცა თასის მფლობელი მხოლოდ 1998 წელს გახდა.
მეორე ნახევარფინალში „საბურთალომ" წყალტუბოს „სამგურალი" 2:1 დაამარცხა და ტიტულისთვის მესამედ იბრძოლებს. გუნდი ორჯერ გავიდა ფინალში (2019 და 2021 წლები) და ორივეჯერ გაიმარჯვა.
მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
© Facebook / FC Saburtaloსაფეხბურთო კლუბი „საბურთალო"
ФК Сабуртало  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
საფეხბურთო კლუბი „საბურთალო"
ფინალურ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე „საბურთალოს" ხელმძღვანელობამ გულშემატკივარსა და მეტოქე გუნდის მოთამაშეებს გამოქვეყნებული ვიდეორგოლისთვის ბოდიში მოუხადა. „აჭარა - აჭარლებს, თასი რჩება თბილისში" - ვიდეოში ნათქვამმა ამ ლოზუნგმა სოციალურ ქსელის მომხმარებლებში აღშფოთება გამოიწვია.
„რადგან ფინალამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, საჭიროდ ვთვლით, გავაკეთოთ მცირე განმარტება. პირველ რიგში, ვიდეორგოლის ერთადერთი მიზანი ჩვენი გულშემატკივრობის წახალისება იყო და ემსახურებოდა მხოლოდ სპორტულ ინტერესს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
„საბურთალო" ეროვნულ ლიგაში მეექვსე ადგილზე გავიდა და უეფას კონფერენს-ლიგის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობისთვის თასის ფინალში მოგება სჭირდება.
ბათუმი „დინამო", როგორც ეროვნული ლიგის გამარჯვებული, უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო სტადიაზე გარანტირებულად მონაწილეობს.
საქართველოს თასის პირველი მფლობელი 1990 წელს ლანჩხუთის „გურია" გახდა. სულ ფინალში 19 გუნდი მონაწილეობდა. აბსოლუტური რეკორდსმენია თბილისის „დინამო" – 15 ფინალი და 13 ტიტული.
ყველა ახალი ამბავი
0