მარტოობის სარგებელი: მეცნიერებმა დაადგინეს, ვის ეხმარება მარტო ყოფნა სტრესის შემცირებაში

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. მარტოობაში გატარებული დრო, როდესაც ადამიანს არც პირადი და არც ონლაინ-კავშირი არ აქვს სხვებთან, აქვეითებს სტრესის დონეს და სასარგებლოა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ასკვნიან რედინგის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარები, რომელთა ნაშრომიც Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კვლევაში178 ადამიანი მონაწილეობდა. სამი კვირის განმავლობაში ისინი, მეცნიერთა დავალებით, ავსებდნენ დღიურებს, სადაც წერდნენ, რამდენ დროს ატარებდნენ მარტოობაში.
ექსპერიმენტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ მკვლევარებმა მონაწილეებს სთხოვეს, ეპასუხათ სამ კითხვაზე:
1.
განიცდიდნენ ხოლმე თუ არა დისკომფორტს, როდესაც მათ გარკვეული ქცევა უწევდათ საზოგადოებაში ყოფნისას;
2.
რამდენად თავისუფლად გრძნობდნენ თავს მარტოობაში;
3.
გრძნობდნენ თუარა ისინი მარტო ყოფნისას, რომ აკონტროლებდნენ იმას, რაც ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში.
გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ატარებდნენ დროს მარტოობაში, ხშირად პასუხობდნენ დადებითად პირველ და მესამე კითხვებს, და სტრესის დაქვეითება აღენიშნებოდათ.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ადამიანები მარტოობისას უფრო მოდუნებულნი არიან, რადგან მათ არ უწევთ გონებისთვის ზედმეტი ძალდატანება, როგორც ეს სხვებთან ურთიერთობის დროს ხდება.
მიუხედავად ასეთი დადებითი შედეგებისა, გაირკვა, რომ ცდის ზოგიერთი მონაწილე თავს ემოციურად გამოფიტულად და მოწყენილად გრძნობდა, როდესაც დროის დიდ ნაწილს მარტოობაში ატარებდა. შესაბამისად, კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დასვენებისა და განტვირთვის ასეთი ფორმა ყველა ადამიანისთვის შესაფერისი არ არის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარტოობა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როდესაც ადამიანი შეგნებულად ისწრაფვის ამისკენ.

მანამდე კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანის მარტოობას მისი გენები განსაზღვრავს. სწავლულებმა დაახლოებით 500 ათასი მარტოხელის მონაცემები შეისწავლეს და ადამიანის ორგანიზმში გამოავლინეს დნმ-ის 15 უბანი, რომლებიც სწორედ მარტოობაზეა პასუხისმგებელი.
ყველა ახალი ამბავი
0