კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
2023 წლის ცხრა თვეში საქართველოში რეგისტრირებული 22.459 კომპანიის გაერთიანება (კონცენტრაცია) იქნა გადამოწმებული.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის (შერწყმის) კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის ორ საქმესთან დაკავშირებით თანხმობა გასცა.
სააგენტოს განცხადებით, ერთ შემთხვევაში საკითხი საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო ბაზარს ეხება, ხოლო მეორე შემთხვევაში - სამშენებლო-დეველოპერულ სექტორს. კერძოდ, კომპანია „რეპსოლის“ და შპს „იბერკომპანის“ გაერთიანებას და შპს „მნკორპსა“ და შპს „ლექსველს“ შორის კონცენტრაციას.
სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალებიდან დადგინდა, რომ შპს „რეპსოლი“ საავტომობილო საწვავით ვაჭრობის ბაზარზე მოქმედებს, ხოლო შპს „იბერკომპანი“ ავტოგასამართი სადგურების ოპერირებისა და იჯარით გაცემის ბაზარზე.
„ეროვნულ დონეზე საცალო ბაზრის მოცულობამ 2022 წელს შეადგინა 1.311,160 ათასი ლიტრი, საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 487, საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 1.250, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=949.7, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ შპს „რეპსოლის“ მიერ შპს „იბერკომპანის“ საკუთრებაში არსებულ 4 ავტოგასამართ სადგურზე კონტროლის მოპოვების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
რაც შეეხება მეორე კონცენტრაციას - შპს „მნკორპი“ ფეროშენადნობთა რეალიზაციის სფეროში ოპერირებს, ხოლო შპს „ლექსველი“ სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში.
სააგენტოს მიერ განხორციელებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარზე 2022 წლის ბრუნვის მოცულობამ 8.084.435,501 ლარი შეადგენა, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=63.96, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
„გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მნკორპი“ კონცენტრაციის განხორციელებამდე არ მოქმედებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის განხორცილების შედეგად ადგილი არ ექნება კონცენტრაციის - HHI ინდექსის ცვლილებას“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კონცენტრაციები ეფექტიან კონკურენციას არსებითად არ ზღუდავს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
2023 წლის ცხრა თვეში რეგისტრირებული 22.459 კომპანიის კონცენტრაცია (შერწყმა) გადაამოწმა, დღეის მდგომარეობით, თანხმობა რვა კონცენტრაციაზე იქნა გაცემული.
კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) ან გაფართოების შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ამასთან კონცენტრაციაში მონაწილე თუნდაც ერთი კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში კომპანიები მაქსიმუმ 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან.
2023 წლის ცხრა თვეში საქართველოში რეგისტრირებული 22.459 კომპანიის გაერთიანება (კონცენტრაცია) იქნა გადამოწმებული. სააგენტომ თანხმობა რვა კონცენტრაციაზე გასცა.
ყველა ახალი ამბავი
0