ელექტროდენით თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება

© Sputnik / Goga Vardzieliთევზჭერა
თევზჭერა - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა უკანონო თევზჭერის ფაქტები - განსაკუთრებით, აკრძალული იარაღებით თევზჭერა, რაც გარემოს და ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში უკანონო თევზჭერაზე სანქციები გამკაცრდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, რომელიც ძალაში 1 დეკემბრიდან შევიდა, აღნიშნული სამართალდარღვევა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
„საჭიროა აღნიშნული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება. მითითებული ქმედება ადმინისტრაციულ გადაცდომას წარმოადგენს. როგორც პრაქტიკაში გამოჩნდა, მოქმედი სანქცია სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს და საჭიროებს გამკაცრებას ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით“, - განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
უწყების განმარტებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა უკანონო თევზჭერის ფაქტები - განსაკუთრებით, აკრძალული იარაღებით თევზჭერა, რაც გარემოს და ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
აღსანიშნავია, რომ, საკანონმდებლო ცვლილებამდე, აღნიშნული უკანონო საშუალებებით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ ქვირითობის პერიოდში - 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ან იმ შემთხვევაში, თუ პირს დიდი ოდენობით თევზი ჰქონდა მოპოვებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.
ყველა ახალი ამბავი
0