უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ნოემბრის მონაცემები

CC BY 2.0 / Sterling College / Axeხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2023
გამოწერა
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირების და ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 393 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
393 ფაქტიდან 324 ხეტყის უკანონო მოპოვება–ტრანსპორტირებას ეხება, 69 – საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების გამოვლენის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 504 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხეტყე.
ხეტყის უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 120 ფაქტი გამოვლენილია კახეთში, 62 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 58, იმერეთში - 49, სამცხე-ჯავახეთში - 36, გურიაში - 22, შიდა ქართლში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 9, ქვემო ქართლში კი - 7.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 59 ფაქტი. ასევე ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 10 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში უკანონო ტყითსარგებლობის 2.793 ფაქტი აღკვეთეს. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 68 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0