დისკრედიტაციის მცდელობა - ჯუანშერ ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ბრალდებებს უპასუხა

© Ministry of Defence of Georgiaჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2023
გამოწერა
მინისტრმა „რადიკალური სიცრუე“ უწოდა ინფორმაციას, თითქოს ქართული ჯარი უხარისხო სამოსით მარაგდება.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯარი უხარისხო საკვებით მარაგდება, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს ქართული ჯარის დისკრედიტაციის მცდელობას, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის" ეთერში გასული სიუჟეტის კომენტირებისას.
„ტვ პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, სამხედროებს ვადაგასული და გაფუჭებული საკვებით კვებავდნენ. დასადასტურებლად, სიუჟეტში ნაჩვენებია ჭიებით დაზიანებული თევზის ფოტო. სიუჟეტის ავტორის თქმით, თევზს დამპალი ნაწილები მოაშორეს, შემდეგ მოამზადეს და ასე აჭამეს სამხედრო მოსამსახურეებს. ტელეკომპანიის ცნობით, მოწამლულ ჯარისკაცებს, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა არაჯანსაღი საკვების გამო, ჰოსპიტალიზაციისას კორონავირუსის დიაგნოზი ჩაუწერეს.
„ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არის ეს ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა... ჩვენ 4 სხვადასხვა მექანიზმი შევქმენით ხარისხის კონტროლის, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენმა ჯარმა მიიღოს საუკეთესო პროდუქტი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული კვების პროდუქტების ხარისხი.
„შედის ქართული გაუყინავი ხორცი, შედის ისეთი მომწოდებლის მიერ მოწოდებული ყველი, რომელიც აწვდიდა ყველაზე ძვირფას სუპერმარკეტს საქართველოში. ეს არის რეალობა“, - განაცხადა მინისტრმა.
მინიატრმა ყურადღება კონტროლის მექანიზმზე გაამახვილა.
„ჯარის კვება იმდენად სენსიტიური თემაა, რომ 4 ქვედანაყოფი - გენერალური ინსპექცია, სამხედრო პოლიცია, ჩვენი კვების კომპანიის ზედამხედველობის დეპარტამენტი და ასევე, ის დეპარტამენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით, ამ 4 მექანიზმით კონტროლდება ჩვენი კვება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
გაფუჭებული ულუფა რომელიმე ქვედანაყოფში რომ მოხვედრილიყო, ამაზე, პირველ რიგში, რეაგირებას თვითონ ჯარი გააკეთებდა, აღნიშნა მინისტრმა.
„დამატებით, ჩვენ თავად ჯარიც ჩავრთეთ ამ პროცესში, რომ კიდევ ერთ მექანიზმი შეგვექმნა ამისთვის. ამის იქით არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომელიც შეგვეძლო მოგვეფიქრებინა ხარიხის კონტროლისთვის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ჯარში იმხელა შემოდინება შეინიშნება, როგორიც წლებია არ ყოფილა.
„ეს არის კონკრეტული პასუხი დისკრედიტაციაზე, რასაც ეწევიან ჩვენი ოპოზიციური არხები. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ მოვითმენთ და ყოველთვის ვეცდებით ვამხილოთ ადამიანები, რომლებიც ეწევიან სახელმწიფოს დისკრედიტაციას“,- განაცხადა მინისტრმა.
ბურჭულაძემ ასევე „რადიკალური სიცრუე“ უწოდა „ტვ პირველის“ ინფორმაციას, თითქოს ქართული ჯარი უხარისხო სამოსით მარაგდება.
„მობრძანდით, აიღეთ ჩვენი სპორტული სამოსი და ნახეთ, თუ რომელიმე ძვირფასი ბრენდის ხარისხს ჩამოუვარდება“, - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მინისტრმა სახელმწიფო სამკერვალო „დელტა ტექსტილზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში „სამართლებრივი პრობლემა“ არ არის.
„რაც შეეხება „დელტა ტექსტილს“, აქ იმხელა მოთხოვნაა საზოგადოებისგან, თუნდაც ჯარისკაცების ახლობლებისგან და იმდენად მოსწონს ყველას ეს ხარისხი, ჩვენი წარმოებულის, რომ „ონლაინ“ მაღაზიის გაკეთებასაც ვფიქრობთ. ზოგადად, პოპულარიზაციისთვისაც ცუდი არ იქნება, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ეცმევათ სპორტულები, რომლებსაც „თავდაცვის სამინისტრო“ ან „თავდაცვის ძალები“ ეწერება“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
კომპანია „დელტა ტექსტილი“ მუდმივად ამარაგებს თავდაცვის ძალების სამხედრო შენაერთებს ადგილობრივი წარმოების მაღალი ხარისხის პროდუქციით. თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ქართული ჯარის ახალი ფორმებითა და სპორტული ტანსაცმლით მომარაგების პროცესს პირადად გაეცნო.
„დელტა ტექსტილი“ სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ შვილობილი კომპანიაა, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ფორმებით, რბილი ინვენტარითა და საველე ტექნიკით უზრუნველყოფა. კომპანია ახორციელებს სამხედრო ფორმით შეუფერხებლად უზრუნველყოფას როგორც პანდემიის, ასევე სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების დროს.
„დელტა ტექსტილის“ საწარმოო ბაზა წარმოდგენილია საუკეთესო სამკერვალო ფაბრიკის სახით (დაფუძნდა 2015 წელს), სადაც ამჟამად 360 ადამიანი მუშაობს. კონკრეტული კომპანია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ უძრავ-მოძრავი აქტივებისა და საწარმოო პოტენციალის შეფასების შემდეგ შეირჩა. კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა მსოფლიოში აპრობირებული წარმატებული პრაქტიკაა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება თავდაცვის სფეროში წარმოების მიმართულებით.
რაც შეეხება სამხედრო ქარხანა „დელტას“, მისი ისტორია გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ამჟამინდელი სახით ცენტრი 2010 წლიდან არსებობს. ის აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას, იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, ყუმბარმტყორცნებს, უნივერსალურ საომარ მოდულებს, უპილოტო აპარატებს, პისტოლეტებს, ჯავშანჟილეტებს, შაშხანებს და სხვ. ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ.
ყველა ახალი ამბავი
0