დეგრადირებული პოლიტიკოსის პოპულისტური განცხადება - კალაძე ვაშაძის ბრალდებებს გამოეხმაურა

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2023
გამოწერა
ოპოზიციონერი გიორგი ვაშაძის განცხადებას ასევე გამოეხმაურა კომპანია Sуstra
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ უარყო ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მერია არ ითვალისწინებს ფრანგული კომპანია Systra-ს რეკომენდაციებს დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის თაობაზე და პოლიტიკოსი დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაში დაადანაშაულა.
მანამდე ტელეკომპანია PalitraNews-ის ეთერში ვაშაძემ განაცხადა, რომ კომპანია Systra-ს რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ იმ გზებზე, სადაც ავტომობილების მოძრაობისთვის მხოლოდ ერთი ზოლია, არ უნდა იყოს ე.წ. ბასლაინი, ამის საპირისპიროდ კი მერიამ ასეთი მოძრაობა დააორგანიზა ჭავჭავაძის, ქეთევან დედოფლისა და წერეთლის გამზირებზე. აღნიშნული ინფორმაცია Systra-მ უარყო.
„გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი დეგრადირებული, გაქსუებული პოლიტიკოსი. მე პოლიტიკოსსაც კი ვერ ვუწოდებ. ეს იქნებოდა ამ სტატუსის მქონე ადამიანების შეურაცხყოფა... იგი წარსულში ჩარჩა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი ტყუილი თქვას", - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, ვაშაძის მიერ გაჟღერებული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერია არ ითვალისწინებს უცხოელი კონსულტანტების რეკომენდაციებს, თუ რა სქემებით უნდა უნდა მოხდეს ქუჩების რეაბილიტაცია, როგორ უნდა იმოძრაოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და ა.შ. სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და აბსურდი. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და ის რეფორმა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, დღესაც გრძელდება. ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისის მერია ზედმიწევნით ითვალისწინებს Systra-ს რეკომენდაციებს და ვაშაძის ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„ასეთი იაფფასიანი, პოპულისტური განცხადებებით შემოიფარგლებიან ეს ადამიანები და აქვთ მცდელობა, რომ საზოგადოებაში მოიპოვონ მხარდაჭერა. პირიქით – ასეთი არასწორი განცხადებებით და ტყუილის ქადაგებით კიდევ უფრო დააკლდებათ ამომრჩევლები და მხარდამჭერები", - განაცხადა კალაძემ.
ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა კომპანია Sуstra, სადაც აღნიშნეს, რომ თბილისის მერია ზედმიწევნით და სკურპულოზურად მიყვება Systra Group-ის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირეული რეფორმის განსახორციელებლად და იმ ათი ძირითადი დერეფნის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი უწყვეტი არტერია უნდა გახდეს.
მათი განმარტებით, სწორედ Systra Group-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით განხორციელდა ილია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია და დაგეგმარება. იგივე პრინციპით მოხდა ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია.
„გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ, როგორც ფრანგული, ისე ზოგადად, ევროპული სატრანსპორტო პოლიტიკა უპირობო უპირატესობას ანიჭებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. საჭიროების შემთხვევაში, კერძო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ. ეს ხდება ისეთ ქუჩებზე, სადაც ორი განცალკევებული ხაზის დაპროექტება შეუძლებელია სივიწროვის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და მის გაუმჯობესებას ალტერნატივა არ გააჩნია ბავშვების მომავალზე, კომფორტულ ურბანულ გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისას.
კომპანიამ ასევე თხოვნით მიმართა პოლიტიკოსებს, არ გამოიყენონ Systra-ს მიერ მომზადებული პროფესიული რეკომენდაციები პოლიტიკური მიზნებისთვის, განსაკუთრებით მათი არასწორი ინტერპრეტაციისთვის, რადგანაც, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იგი აზიანებს თბილისში მიმდინარე მნიშვნელოვან და რთულ სატრანსპორტო რეფორმას.
ყველა ახალი ამბავი
0