პრემიერ-მინისტრმა მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

© photo: Sputnik / Б. Головко / გადასვლა მედიაბანკშიმედეა ამირანაშვილი. ჩიო-ჩიო-სან
მედეა ამირანაშვილი. ჩიო-ჩიო-სან - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2023
გამოწერა
მედეა ამირანაშვილი იყო ქართული მუსიკალური ხელოვნების თავდადებული ქომაგი, დაწერა პრემიერმა
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სოპრანოს, ქვეყნის სახალხო არტისტის მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.
სახალხო არტისტის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსის, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელის, ლეგენდარული სოპრანოს, მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების შესახებ 2 დეკემბერს გახდა ცნობილი.
„ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ მის მსმენელს საყვარელი არტისტის გარდაცვალებას“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მედეა ამირანაშვილი მთელი ცხოვრება მუსიკის ერთგული იყო.
„მედეა ამირანაშვილი იყო ქართული და ევროპული საოპერო მუსიკის უბადლო შემსრულებელი და ქართული მუსიკალური ხელოვნების თავდადებული ქომაგი. სწორედ ამით დაიმსახურა მან ოპერის მოყვარულთა თუ ხელოვნების მოღვაწეთა დიდი სიყვარული და პატივისცემა“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
მედეა ამირანაშვილი (ლირიული სოპრანო) დაიბადა 1930 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში საოპერო მომღერლებისა და სახალხო არტისტების - პეტრე ამირანაშვილის და ნადეჟდა ცომაიას ოჯახში.
1953 წელს მედეამ დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია. 1950-იან წლებში იყო კონსერვატორიის საოპერო სტუდიისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.
გარდაიცვალა ქართველი საოპერო მომღერალი მედეა ამირანაშვილი >>
მისი კონცერტები იმართებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, უნგრეთში, ბულგარეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთსა და კანადაში.
მედეა ამირანაშვილის ვოკალური პარტიებიდან განსაკუთრებით ცნობილია შემდეგი პერსონაჟების პარტიები: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“), მზია (თაქთაქიშვილის „მინდია“), ლელა (ლაღიძის „ლელა“), ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ზემფირა (რახმანინოვის „ალეკო“), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970), მიმი (პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი“ და „ბოჰემა“), ლეონორა, ვიოლეტა (ვერდის „ტრუბადური“ და „ტრავიატა“), ელზა (ვაგნერის „ლოენგრინი“) და სხვა.
გლინკას სახელობის ვოკალისტთა საკავშირო კონკურსის (მე-2 პრემია, 1960) და მადამ ბატერფლაის პარტიის საუკეთესო შესრულების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (მე-3 პრემია, 1970, ოსაკა).
1972 წლიდან ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში (1982 წლიდან - პროფესორი).
ყველა ახალი ამბავი
0