საქართველოს საბანკო სისტემა რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა - S&P Global Ratings-ის ანგარიში

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკომპანია Standard & Poor's-ის ლოგო
კომპანია Standard & Poor's-ის ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2023
გამოწერა
ეკონომიკური დისბალანსის კრიტერიუმში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საბანკო სისტემის პოზიცია გაუმჯობესდა და შეფასება მაღალი რისკიდან საშუალო რისკამდე შემცირდა.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველოს კვლავაც შეუნარჩუნდა არსებული ქულა და, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება – 7 ქულა აქვს, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნების საბანკო ინდუსტრიის არსებული ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, გამოწვევები, ინდუსტრიის რისკები და მაკროეკონომიკური რისკებია შეფასებული.
„მისასალმებელია, რომ, მიუხედავად რეგიონში არსებული არასტაბილური გარემოსი, სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ბოლო შეფასებაში საქართველოს უცვლელად შეუნარჩუნდა ქულა, ეკონომიკური დისბალანსის კრიტერიუმში კი გაუმჯობესდა. S&P-ის მიმოხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა მდგრადად ვითარდება და სექტორის მიმართ ნდობა მაღალია“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
S&P-ის შეფასება მოიცავს ექვს კატეგორიას, მათ შორისაა ეკონომიკური მდგრადობა, ეკონომიკური დისბალანსი, ეკონომიკაში დაკრედიტების რისკები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური დისბალანსის კრიტერიუმში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საბანკო სისტემის პოზიცია გაუმჯობესდა და შეფასება მაღალი რისკიდან საშუალო რისკამდე შემცირდა.
ანგარიში ასევე აფასებს საბანკო სექტორის ძლიერ მხარეებსა და გამოწვევებს.
მარეგულირებლის ინფორმაციით, საქართველოს საბანკო ინდუსტრიის ძლიერ მხარედ დასახელებულია ფინანსური სექტორის მდგრადობა, რომელსაც მხარს უჭერს მაკროეკონომიკური გარემო, რაც აისახა კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის დონეში, ასევე მომგებიანობასა და დაბალ საკრედიტო დანაკარგებში.
„რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა მაღალია. 2023 წლის ივლისში, ლარის გამყარებისა და სასაქონლო პროდუქტებზე ფასების შემცირების ფონზე, შემცირდა ინფლაცია, რის შედეგაც ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დაწია. ინფლაცია წელს, საშუალოდ, 2.4% იქნება და 2024 წელს მიზნობრივ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. 2023-2024 წლებში მოსალოდნელია სესხების 5-10%-მდე ზრდა“, – ნათქვამია S&P-ის შეფასებაში.
ამავე დროს შეფასება აღნიშნულია, რომ საქართველოს საბანკო სექტორში მთავარ პრობლემას კვლავ დოლარიზაციის მაღალი დონე წარმოადგენს.
„რა თქმა უნდა, ასევე ვაცნობიერებთ მიმოხილვაში მოყვანილ ისეთ გამოწვევას, როგორიცაა მაღალი დოლარიზაცია. ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ და ვგეგმავთ, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მარეგულირებლის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ბანკს მნიშნელოვანი პროგრესი ჰქონდა დოლარიზაციის შემცირების კუთხით და სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად დოლარიზაციის მაჩვენებელი სესხებში 45%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0