როდიდან შეძლებენ ფერმერები თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში დარეგისტრირებას

© photo: Sputnik / Stringerთხილი
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
ფერმერებმა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესაძენად განკუთვნილი ფინანსური დახმარების მისაღებად ბაღები თხილის კადასტრში უნდა დაარეგისტრირონ.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია 4 დეკემბერს დაიწყება, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს. ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0,2 ჰექტარისა და არაუმეტეს 3 ჰექტარისა, სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
„მეთხილე ფერმერებმა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესაძენად განკუთვნილი ფინანსური დახმარების მისაღებად, თხილის ბაღების რეგისტრაცია 2023 წლის 4 დეკემბრიდან 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით თხილის კადასტრში უნდა მოახდინონ", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტები შესაბამისი გრაფიკით განხორციელდება.
გრაფიკის შესახებ ინფორმაცია კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით, სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული. ინფორმაცია ყოველ პარასკევს განახლდება.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა „ლიბერთი ბანკის" აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში. დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 აგვისტო.
ფერმერები თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ფინანსურ დახმარებას 2024 წელსაც მიიღებენ>>
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეადგინა თხილის კადასტრი, სადაც მოცემულია ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც უწყებას შესაძლებლობას აძლევს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
ბოლო მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თხილის კადასტრში 90 ათასამდე მოსარგებლის 44 ათას ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
ყველა ახალი ამბავი
0