კობახიძე: არ ვაპირებთ მივუბრუნდეთ კანონს უცხოური აგენტების შესახებ

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2023
გამოწერა
„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტმა 2023 წლის მარტში თბილისში მასშტაბური პროტესტი გამოიწვია
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის მიღების საკითხს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისია აგრძელებს მუშაობას საკუთარ კანონზე, რომელიც დაავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკონსულტაციო და სამეცნიერო დაწესებულებებს, გაამჟღავნონ ინფორმაცია ევროკავშირის ფარგლებს გარედან მიღებული ნებისმიერი დაფინანსების შესახებ. 2023 წლის დეკემბერში საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება.
„ყველაფრის მიუხედავად, არც მომავალში ვაპირებთ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს კანონპროექტი ემსახურებოდა კეთილშობილურ მიზნებს. მთავარი მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებას მეტი სცოდნოდა იმასთან დაკავშირებით, ვინ ვის აფინანსებს. იგივე კეთილშობილური მიზანი ამოძრავებს ამ შემთხვევაში ევროკომისიას, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ პროტესტი კანონის მიღების წინააღმდეგ ხელოვნურმა აჟიოტაჟმა გამოიწვია.
„უამრავი ფაქტი ნახა საზოგადოებამ, რომ უცხოური წყაროებიდან ფინანსდებოდა კონკრეტული ორგანიზაციების ექსტრემისტული ღონისძიებები, საქმიანობა და რა თქმა უნდა, ამის გასაჯაროება არავის სურდა. აბსოლუტურად ხელოვნური იყო ეს აჟიოტაჟი“, - განაცხადა კობახიძემ.
რეზონანსული ინიციატივა
მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების ფონზე მიიღეს, რომლის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" ამტკიცებდნენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებდნენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ყველა ახალი ამბავი
0