ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მოზაიკური სტელა დაიდგა

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მოზაიკური სტელა დაიდგა
ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მოზაიკური სტელა დაიდგა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2023
გამოწერა
ეს მოვლენა არის ახალი ფურცელი საქართველოს და ვატიკანის ურთიერთობაში, ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ვატიკანში დაიდგა საქართველოში შექმნილი ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ხატის სტელა, რომლის ორიგინალი ათონის წმინდა მთაზე ინახება, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.
როგორც საპატრიარქოში აღნიშნეს, ვატიკანის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან სტელის დადგმის ისტორია რამდენიმე წლის ურთიერთობებს მოიცავს. აღნიშნულ საკითხს რომის პაპ ფრანცისკესთან ჯერ ვატიკანში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონი, შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განიხილავდა.
© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მოზაიკური სტელა დაიდგა
Стелу с мозаичной иконой Иверской иконы Божией Матери,  созданной в Грузии, установили в Ватикане - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2023
ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მოზაიკური სტელა დაიდგა
თავდაპირველად არჩევანი წმინდა ნინოს გამოსახულებაზე შეჩერდა, შემდეგ კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკური სტელის დადგმა გადაწყდა, რადგან გამოყოფილ ტერიტორიაზე მხოლოდ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ძეგლის, სტელის ან მოზაიკის დადგმა არის განსაზღვრული.
საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ვატიკანში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონი და სხვა სტუმრები. ღონისძიებაზე წარდგნენ ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი
ამ მოვლენასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რომის პაპ ფრანცისკეს წერილი გაუგზავნა.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმ მეგობრული და ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობისა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ვატიკანის სახელმწიფოს, საქართველოს ეკლესიასა და რომის საყდარს შორის უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა; ჩვენს ეპოქაში კი პაპ იოანე-პავლე II-ის მოღვაწეობისას განახლდა, ხოლო თქვენს პერიოდში ამ დამოკიდებულებამ კიდევ უფრო მეტი სიღრმე შეიძინა“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში.
პატრიარქმა აღნიშნა რომის პაპის ვიზიტის მნიშვნელობა 2016 წელს საქართველოში და მიმდინარე წელს სიქსტეს კაპელაში თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის გამოსვლა. პატრიარქის თქმით, ამ ორმა ფაქტმა მსოფლიო რეზონანსი შეიძინა.
კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, მოზაიკური სტელის ვატიკანის ტერიტორიაზე დადგმა არის ახალი ფურცელი საქართველოს და ვატიკანის ურთიერთობაში. ილია მეორემ მადლობა გადაუხადა ქეთევან ბაგრატიონს ამ საქმეში გაწეული შრომისათვის.
პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ მოზაიკის სტელის შექმნაზე იმუშავეს საქართველოს ეკლესიის სამმა წარმომადგენელმა, რომელთა შორის არის ამირან ბაკურაძე, რომელიც მოზაიკის სპეციალობას ვატიკანში დაეუფლა და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ბაკურაძემ საქართველოში კი უკვე არაერთი ტაძარი დაამშვენა, აღნიშნა პატრიარქმა.
„თქვენო უწმინდესობავ, სასულიერო დასის წარმომადგენელნო, დანო და ძმანო, რომში და, საერთოდ, იტალიაში მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, მჯერა დღეს ხარობენ ძმები, - წმ. პეტრე მოციქული და წმ. ანდრია პირველწოდებული, - ჩვენს ეკლესიათა საფუძველდამდებნი“, - ბრძანა პატრიარქმა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ორიგინალი მე–11 საუკუნის დასაწყისიდან ათონის წმინდა მთაზე, ივერიის მონასტერშია დაბრძანებული, სიდანაც მიიღო მან თავისი სახელწოდება.
ივერიის ღვთისმშობლის ხატი
მე–9 საუკუნეში ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ.
ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. იმპერატორის გამოგზავნილმა მხედრებმა იპოვეს ეს ხატი და ერთ–ერთმა მათგანმა „მახვილი დასცა პირსა ხატისა”. მოხდა სასწაული: ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ.
ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, დილით კი მან ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ წყალში ჩაუშვა. ხატი ზღვის ტალღებზე აღმართული, დასავლეთისკენ გაემართა.
რაღაც დროის გასვლის შემდეგ ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. ისინი ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა, მაგრამ როცა მიახლოება გადაწყვიტეს, ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული: ისტორია, სასწაულები და მნიშვნელობა>>
ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი გაბრიელი. მამებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ივერიელი იყო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანებისა. იმავდროულად, ღვთისმშობელი თავად გაბრიელსაც გამოეცხადა და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი“.
გაბრიელი ათონის ბერებთან ერთად ჩავიდა ზღვასთან, შემდეგ ზღვაში შევიდა, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.
ზღვიდან გამოსვენებული ხატი დააბრძანეს და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. იმ ადგილას ცივმა და საამო წყარომ ამოხეთქა. ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს. მეორე დილით, კანდელის დასანთებად ბერებს ხატი ადგილზე არ დახვდა. ძებნის შემდეგ იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს, ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღა გამხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანეს ამას შინა ხატი, არა მოგაკლდეს თქვენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა“.
ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.
ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება.
ათონელმა ბერებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის თხოვნით ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი დაწერეს, რომელიც 1989 წლის 9 ოქტომბერს საქართველოში ჩამოაბრძანეს. ეს ასლი სიონშია დაბრძანებული. კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის სხვა უამრავი ასლიც არსებობს და ყოველი მათგანი სასწაულმოქმედია.
ყველა ახალი ამბავი
0