ვისი დამსახურებაა, რომ ლაშა ტალახაძემ ფეხბურთის ყურება დაიწყო

© Courtesy of Georgian Weightlifting Federationლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2023
გამოწერა
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა საფეხბურთო მატჩს ბოლომდე კვარაცხელიას თამაშის წყალობით უყურა.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. იტალიის ჩემპიონატის ერთ–ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოსა და ევროპის შვიდგზის ჩემპიონს, ლეგენდარულ ძალოსანს ლაშა ტალახაძეს ფეხბურთის ყურება დააწყებინა. ამის შესახებ სპორტსმენმა TST Sport–თან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ძალოსანმა აღიარა, კლუბურ დონეზე მატჩის 90 წუთსა და დამატებით დროს მხოლოდ მას შემდეგ უყურა, რაც კვარაცხელია იტალიური „ნაპოლის“ წევრი გახდა.
„საქართველოში ყველა სპორტს და სპორტსმენს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთის გულშემატკივრობით გამოვირჩეოდი. მინდა, ვთქვა და იცოდეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება. არასდროს არ მქონდა თავიდან ბოლომდე ის 90 წუთი და პლუს, დამატებითი დრო ნანახი. არასდროს არ მიგულშემატკივრია, საქართველოს ნაკრების გარდა, სხვა გუნდისთვის, მაგრამ როდესაც „ნაპოლის“ თამაშია, ჩავრთავთ სამეგობრო და ვუყურებთ“, – აღნიშნა ტალახაძემ.
ლეგენდარული ძალოსნის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, როდესაც სპორტსმენი არ იცვლება დიდი წარმატების შემდეგ, ის კეთილშობილების მაგალითია.
„ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ არ უთქვამს თავის სათქმელი. მას უფრო მეტი შეუძლია და ეს ბიჭი უფრო მეტს იტყვის... დიდი სურვილი მაქვს, პირადად გავიცნო“, – განაცხადა ტალახაძემ.
მისი თქმით, კვარაცხელია, პირველ რიგში, თავმდაბალი ადამიანია, რა სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია.
ერ–რიადიში მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებით ლაშა ტალახაძე პირველი სპორტსმენი გახდა საქართველოს სპორტის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო პირველობის ოქრო ზედიზედ მეშვიდედ მოიგო.
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე კვარაცხელიას გამო ნეაპოლში ჩავიდა>>
რაც შეეხება მსოფლიო ძალოსნობის ისტორიას, ტალახაძე მეორე ძალოსანია საბჭოთა სპორტსმენის, ვასილი ალექსეევის შემდეგ, რომელმაც ზედიზედ შვიდჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ასევე ტალახაძე აპრილში ერევანში ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე ოქრო მოიგო.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მან მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა ხუთი შედეგიანი გადაცემა.
გასულ სეზონში ქართველი ფეხბურთელი აღიარეს სერია А–ს საუკეთესო მოთამაშედ, ასევე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორად. გარდა ამისა, კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ აღიარეს, ხოლო ჩემპიონატის 26–ე ტურის ფარგლებში მისი გოლი „ატალანტის“ კარში 2023 წლის მარტის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული.
ყველა ახალი ამბავი
0