შობის მარხვა: რა არის აკრძალული და რა - დაშვებული

გამოწერა
წმინდა მამათა, მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებით, წლის განმავლობაში ოთხი ძირითადი მარხვაა: აღდგომის, პეტრე-პავლობის, მარიამობის და შობის. წლის უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვა სწორედ შობის მარხვაა.
შობის მარხვა 28 ნოემბერს დაიწყო, რომელიც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, 40-დღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება. მარხვის პერიოდში მორწმუნეებს ეკრძალებათ ხორცის, კვერცხისა და რძის პროდუქტების მიღება.
შობის მარხვას მართლმადიდებლები სიხარულის მარხვასაც ეძახიან. ის შედარებით მსუბუქად ითვლება, რადგან 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, დაშვებულია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მორწმუნეებმა უკვე მკაცრად უნდა იმარხულონ.
საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისთვის მომზადების პერიოდია – თითოეული ადამიანი სინანულით, ლოცვით და მარხვით უნდა განიწმინდოს და შობის დღესასწაულზე მოწიწებით მიეახლოს ძე ღვთისას.
ეკლესიის ისტორიაში შობის მარხვის შესახებ ცნობები მეოთხე საუკუნიდან მოიპოვება, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი დაწყებისა და დასრულების თარიღი მკაცრად განსაზღვრული არ იყო. ორმოცდღიანი მარხვა 1166 წლს პატრიარქ ლუკას მოსაყდრეობის პერიოდში მოწვეულ კონსტანტინეპოლის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე დადგინდა. მარხვის დასაწყისში მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს ლოცვის გაძლიერებისკენ, ზიარებისკენ, თავმდაბლობისკენ და მოთმინებისკენ მოუწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0