რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე თბილისში - კვლევის შედეგები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაბურთალოს რაიონი
საბურთალოს რაიონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2023
გამოწერა
თბილისში ერთი კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართის საშუალო ფასი 1,2 ათასი დოლარია
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. 2023 წლის ათ თვეში თბილისში ბინების გაყიდვების რაოდენობამ დაახლოებით 33 ათასი შეადგინა, ამასთან ახალაშენებული ბინების ბაზარზე გაყიდვები სტაბილურად იზრდება, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის ათ თვეში უძრავი ქონების პირველად ბაზარზე გაყიდვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 300 ბინით, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,7 ათასით გაიზარდა.
თუმცა, საანგარიშო პერიოდში გაყიდვების საერთო მოცულობა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორად ბინებზე მოთხოვნის შემცირების ხარჯზე 6,5%-ით შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა სამგორში, დიდ დიღომსა და საბურთალოზე, ხოლო ვაკეში, ჩუღურეთსა და მთაწმინდაზე კი მნიშვნელოვნად შემცირდა შეზღუდული შეთავაზებისა და მშენებლობის დაბალი ინტენსივობის ხარჯზე.
ბინებზე მოთხოვნა თბილისში - TBC Capital-ის მიმოხილვა>>>
თბილისში ახალ საცხოვრებელ კორპუსებში გასაყიდი ბინების ძირითადი ნაწილი 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინებია. ამასთან, გაყიდული ბინების საშუალო ფართობი დაახლოებით 68 კვადრატული მეტრია.
რაც შეეხება რაიონების მიხედვით მოთხოვნას, ვაკესა და მთაწმინდის რაიონებში ყველაზე მაღალი მოთხოვნა 96 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინებზე მოდის, გლდანსა და სამგორში კი დიდი მოთხოვნაა 60 კვადრატულ მეტრამდე ბინებზე. რაც შეეხება 50 კვადრატულამდე ფართობის ბინებს, იგი უძრავი ქონების ბაზარზე ბინებზე მოთხოვნის მეოთხედს შეადგენს.
კვლევის თანახმად, დღეისთვის სრულად გაყიდულია ბინები იმ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში 2023 წელს შევა, 80%-ით - კორპუსებში, რომლებიც 2024 წელს ჩაბარდება და 50%-ით - კორპუსებში, რომელთა ჩაბარებაც 2025 წლისთვის იგეგმება.
თბილისში ერთი კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართის საშუალო ფასი 1,2 ათასი დოლარია, რაც მიგრანტების შემოდინებითა და სამშენებლო მასალების გაძვირებითაა განპირობებული.
ამასთან, ვაკეში ერთი კვადრატული მეტრი 2,2 ათასი დოლარი ღირს, გლდანში კი 892 დოლარი.
ყველა ახალი ამბავი
0