საშიში პროდუქცია: აჯიკასა და წითელ წიწაკაში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა
© courtesy of Mothers' Kitchenაჯიკა
© courtesy of Mothers' Kitchen
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული სურსათი
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. აჯიკისა და წითელი წიწაკის 5 ნიმუშში „სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყებამ სურსათში „სუდანის” ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით სხვადასხვა სურსათის 61 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, აკრძალული საღებავები სურსათის ხუთ ნიმუშში გამოვლინდა.
„სუდანის" ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოჩნდა:
აკრძალული საღებავი Sudan I აღმოჩნდა შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებულ წითელ წიწაკაში (დაღერღილი, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი, ვარგისიანობის ვადა 12 თვე), მისამართი: შპს „ცენტრალური ბაზარი“ სენაკი, რუსთაველის ქ. N180 - დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუა;
დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუასთან აღებულ მისივე წარმოების აჯიკის (დამზადების თარიღი: 13/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა 1 წელი) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: შპს ცენტრალური ბაზარი , სენაკი, რუსთაველის ქ. N180;
Sudan I ასევე აღმოჩნდა შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებულ წითელ წიწაკაში (წმინდად დაფქული, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა 1 წელი), მისამართი: შპს ლუკა, ქ. ფოთი, ფარნავაზ მეფის N1, (აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) ფიზიკურ პირი მზია ზუხბაია;
ინდმეწარმე ზეინაბ გორაძესთან აღებული მეგრული აჯიკის (დამზადების თარიღი: 10/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა: 6 თვე) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა N4;
ინდმეწარმე ხვიჩა შავაძესთან აღებული მეგრული აჯიკის ( დამზადების თარიღი: 12/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა: 1 წელი) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: ქალაქი ქობულეთი, თავისუფლების ქ. N19. აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, თუ შეძენილი აქვთ აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენონ საკვებად.
„კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სურსათი ბაზრიდან ამოღებასა და განადგურებას ექვემდებარება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში შემდეგი საღებავების გამოყენებაა აკრძალულია: Sudan I, Sudan II, Sudan III, Sudan IV, Sudan orange G, Sudan Red G, Sudan Red 7B და Sudan red B.
„სუდანის” ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებ დანამატს. აღნიშნული საღებავები სურსათს ემატება ფერის მისაცემად, კერძოდ, იყენებენ წითელი დაფქვილი წიწაკის ფერის გასაძლიერებლად.