საქართველოში შეიძლება ახალი კოალიცია შეიქმნას? რეაქციები „ლელოს" ამბიციურ გეგმებზე

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2023
გამოწერა
პარტია „ლელო“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პროევროპული პარტიების კოალიციაში წამყვანი როლის შესრულებას გეგმავს
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის მოწოდება აბსოლუტურად უშედეგოა - ეს იქნება უბრალოდ გაერთიანების ხელოვნური დეკლარაცია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ.
მანამდე ხაზარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა წარწერით „შუა უნდა გაერთიანდეს“. როგორც მოგვიანებით „ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი კუპრაძემ განმარტა, ხაზარაძის განცხადება მრავალპარტიულობისა და მრავალფეროვნების დაბრუნებას გულისხმობს. „ლელოში" მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ახალი პოლიტიკური ძალის, როგორც მესამე ძალის შექმანს, რომელიც უნდა იყოს დისტანცირებული ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნებისგან".
„აბსოლუტურად უპერსპექტივო მოწოდებაა... ეს იქნება უბრალოდ ხელოვნური დეკლარირება იმისა, რომ გაერთიანდნენ, მაგრამ რა შინაარსით, რა იდეოლოგიის ირგვლივ და რა მიზნით - საზოგადოებისთვის თავდაპირველად გაუგებარი იქნება, ხოლო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე კი სრულიად ცხადი და გასაგები გახდება“, - განაცხადა ოდიშარიამ.
ამასთან, ოპოზიციონერი „თეონა აქუბარდია" მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მმართველ გუნდს არჩევნებში მარტო ვერ დაამარცხებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების გაერთიანება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“... აუცილებელია ყველა ამომრჩევლის გემოვნებაზე და ხედვაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიების მონაწილეობა. როგორ გადანაწილდებიან და გაერთიანდებიან მხარეები, ეს უკვე დროის საკითხია“, - განაცხადა აქუბარდიამ.
იმის თაობაზე, რომ პარტია „ლელო“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პროევროპული პარტიების კოალიციაში წამყვანი როლის შესრულებას გეგმავს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ექს-სპიკერმა დავით უსუფაშვილმა ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას წინსვლა მხოლოდ მომავალი არჩევნების შემდეგ შექმნილი პროევროპული და პროქართული პოლიტიკური ძალების კოალიციის დახმარებით შეუძლია.
ეს ღალატია – კობახიძემ „ლელოს“ ინიციატივა გააკრიტიკა>>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
პარტიების რეიტინგი
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი"-20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
ტელეარხ „ფორმულას" კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" (9%), პარტიებს „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა" – 4%.
კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.
პარტია „ლელო“
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
ყველა ახალი ამბავი
0