ცნობილია მარშრუტების ჩამონათვალი, სადაც 18-მეტრიანი ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

© Courtesy of Tbilisi City Hall 18-მეტრიანი ავტობუსი
 18-მეტრიანი ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2023
გამოწერა
ახალი ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილი
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისში წლის ბოლოს უნდა შემოვიდეს, თავდაპირველად მხოლოდ ოთხ ხაზზე იმოძრავებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს შემდეგ ხაზებზე:
N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;
N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღმამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის ხეივანს;
N308 (გლდანიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, ღრმაღელე, დიდუბე, წერეთელი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი;
N314 (დიდი დიღმიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.
2024 წლიდან თბილისში 160 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა. ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილი იქნება. ავტობუსები სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი.
„ამასთან დაკავშირებით ბევრი კომენტარი იწერებოდა: რა 18- მეტრიანი ავტობუსები თბილისის ქუჩებში? როგორ შეიძლება 18-მეტრიანი ავტობუსი გადაადგილდებოდეს თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. ყველა იმ მარშრუტზე, რომელზეც იქნება დანიშნული აღნიშნული ავტობუსები, რა თქმა უნდა, პრობლემა არ შეიქმნება", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, N301, 302, 308, 314 ავტობუსების მარშრუტებზე, დღიურად 55 ათასი მგზავრობა ფიქსირდება.
„ეს ძალიან დიდი ციფრია. აღნიშნული ცვლილებებით, ახალი ავტობუსის მაღალი ტევადობის გათვალისწინებით, მარშრუტის გამტარუნარიანობა 50%-ით გაიზრდება, გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები კი დაემატება სხვადასხვა მარშრუტებს“, - განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, პირველ ეტაპზე, ანუ 2024 წლის 1-ლ აპრილამდე, 50 ავტობუსი შემოვა, დანარჩენი 110 – მომავალი წლის ბოლომდე.
ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
დღეისთვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ემსახურება 234 ერთეული 10-მეტირანი და 12-მეტრიანი ავტობუსები.
2024 წლის ბოლომდე თბილისს დაახლოებით 400 ახალი ავტობუსი ეყოლება. ამ ეტაპზე თბილისის ავტოპარკში 860 ავტობუსია.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.
ყველა ახალი ამბავი
0