სასკოლო ტრანსპორტი ე.წ. ბასლაინზე იმოძრავებს

© Sputnik / Viktor Kaminskyჭავჭავაძის გამზირი - „ბასლაინი"
ჭავჭავაძის გამზირი - „ბასლაინი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
გამოწერა
სასკოლო ტრანსპორტის საავტობუსო ზოლში დაშვების მიზნით, სკოლამ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საჯარო და კერძო სკოლების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავს, საავტობუსო ზოლში გადაადგილებას შეძლებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, სასკოლო ტრანსპორტი დედაქალაქში არსებულ ე.წ. ბასლაინზე მოძრაობას გარკვეული პირობების დაცვით შეძლებს.
„ვინაიდან ამ ქალაქში კერძო ავტომანქანების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებებს, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ შესაძლებლობა გადაადგილდნენ საავტობუსო ზოლში გარკვეული პირობებით", - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „ბასლაინზე" გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ სასკოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახავს, რომ მას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები.
„აღნიშნული ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში - 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00 დან 18:00 საათამდე პერიოდში. საავტობუსო ზოლში მათ შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე შეჩერება არაუმეტეს 1 წუთისა, ისევე, როგორც ეს განსაზღვრულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში ", - განაცხადა კალაძემ.
შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებში და სამუშაო დღეების სხვა დროის მონაკვეთებში ავტობუსის ზოლში მოძრაობის, ასევე დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში სასკოლო ტრანსპორტი დაჯარიმდება.
იმისათვის, რომ სასკოლო ავტობუსს ჰქონდეს ავტობუსის ზოლით სარგებლობის უფლება, სკოლამ მოძრაობის მარშრუტის შესათანხმებლად უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და წარადგინოს კონკრეტული დოკუმენტაცია - მათ შორის ავტობუსების რაოდენობა შესაბამისი სახელმწიფო ნომრის და მარშრუტის მითითებით, ასევე კონკრეტული სკოლის ავტობუსების ვიზუალური მხარის ამსახველი მასალა.
აღნიშნული რეგულაცია 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლი ივლისამდე პერიოდში სატესტო რეჟიმში იმოქმედებს.
2023 წლის 1-ლი ივნისიდან კი A კატეგორიის ტაქსის იმ მანქანებს, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, მიეცათ საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება. ტაქსის ავტოპარკის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში კი 2023 წლის 1-ლი აპრილიდან А კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ე.წ. ბასლაინზე მგზავრთა აყვანა-ჩამოსმის უფლება მიეცათ.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.
ყველა ახალი ამბავი
0