კალაძემ კვარაცხელიას გარეშე საქართველოს ნაკრების შანსი შეაფასა

© photo: Sputnik / Stringerხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
გამოწერა
კვარაცხელიამ ევრო–2024–ის საკვალიფიკაციო მატჩებში სამი ყვითელი ბარათი მიიღო.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ევრო–2024–ზე გასასვლელად ერთა ლიგის პლეი–ოფის ნახევარფინალს გამოტოვებს, საქართველოს ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ სხვა ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის, განაცხადა თბილისის მერმა, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ.
კვარაცხელიამ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩების დროს სამი ყვითელი ბარათი მიიღო. ბოლო ბარათი მან ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში მიიღო, სადაც ესპანეთის კარში ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. ტურნირის წესების მიხედვით, სამი ყვითელი ბარათი კვარაცხელიას პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში 21 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ თამაშის უფლებას არ აძლევს.
„რა თქმა უნდა, კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის. ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არ თამაშობს. მინდორზე 11 კაცი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია ნაკრებს ვერ დაეხმარება, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
მერის თქმით, საქართველოს ნაკრები იმსახურებს გამარჯვებას, რადგან კარგ ფეხბურტს აჩვენებს.
„მინდა გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო მათ და დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება. მართლაც ვიმსახურებთ ამ ნახევარფინალის მოგებას, რადგან კარგ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს“, – აღნიშნა კალაძემ.
ერთა ლიგის პლეი-ოფის თამაშები, 21 მარტი:
საქართველო - ლუქსემბურგი
საბერძნეთი - ყაზახეთი
ფინალი 26 მარტს გაიმართება. ფინალის გამარჯვებული 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ძირითად სტადიაზე გავა.
ყველა ახალი ამბავი
0