ოპერის თეატრში თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ოპერის თეატრი
თბილისის ოპერის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
გამოწერა
კონკურსის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვოკალისტთა III საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN ჩატარდება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფესტივალი 20 ნოემბერს, 19:00 საათზე გალა კონცერტით გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას წინა კონკურსების ლაურეატები მიიღებენ და 25 ნოემბერს დაიხურება.
კონკურსი სამი ტურისგან შედგება. კონკურსის I ტური - 21-22 ნოემბერს, II ტური - 23 ნოემბერს, ხოლო დასკვნითი III ტური, ლაურეატების დაჯილდოება და კონკურსის საზეიმო დახურვა 25 ნოემბერს გაიმართება.
თბილისის ოპერის სცენაზე 43 ახალგაზრდა მომღერალი მსოფლიოს 20 ქვეყნიდან (საქართველო, სამხრეთ კორეა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ისრაელი, გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მოლდოვა, სომხეთი) საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარდგება.
კონკურსანტებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები. ჟიურის თავმჯდომარეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.
თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსს OPERA CROWN საფუძველი 2018 წლის მაისში ჩაეყარა. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ საქართველოს დედაქალაქში ტარდება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ოპერის მომღერლებს, რომლებიც იმყოფებიან პროფესიული კარიერის დასაწყისში. კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ყველა ახალი ამბავი
0