თბილისის კონსერვატორიამ STEINWAY-ს როიალების მორიგი პარტია მიიღო

© Ministry of Culture, Sport and Youth of GeorgiaSTEINWAY & SONS-ის როიალი
STEINWAY & SONS-ის როიალი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2023
გამოწერა
STEINWAY & SONS-მა 2025 წლამდე კონსერვატორიას ეტაპობრივად 78 როიალი უნდა მიაწოდოს.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისთვის მსოფლიოში ცნობილი კომპანია STEINWAY & SONS-ის როიალების მიწოდება გრძელდება – ინსტრუმენტების მეხუთე პარტია სასწავლებელს უკვე ჩაბარდა, ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის კონსერვატორიას გადაეცა 10 როიალი, რომელთაგან რვა განთავსდება კონსერვატორიის საკლასო ოთახებში, ერთი - კამერულ დარბაზში, ერთი - საოპერო სტუდიაში
კულტურის სამინისტრომ STEINWAY & SONS-თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო.
მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტი უკვე მრავალი წელია კონსერვატორიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და მის მოსაგვარებლად კულტურის სამინისტრო მუშაობს. უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და როიალების მწარმოებელ კომპანიას შორის თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკაში მცხოვრებმა წარმოშობით ქართველმა პიანისტმა გიორგი ლაცომ.
შედეგად, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2025 წლამდე კონსერვატორიას ეტაპობრივად გადაეცემა 78 როიალი - ამ ეტაპზე მიღებულია 47 როიალი. ინსტრუმენტების გადაცემის განრიგი ასეთია: 2022 წელს საქართველომ მიიღო 17 როიალი, 2023-25 წლებში კი მიიღებს 61 როიალს (კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული მოდელებისა და რაოდენობის მიხედვით). როიალების შესაძენად 8 მლნ ევროზე მეტია გამოყოფილი.
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaკომპანია STEINWAY & SONS-ის როიალები
Рояли компании STEINWAY & SONS - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2023
კომპანია STEINWAY & SONS-ის როიალები
2023 წელს კონსერვატორიამ უკვე მიიღო 30 როიალი: ივნისში - შვიდი, ოქტომბერში - 13 (რომელთაგან კონსერვატორიის ჯაზის განყოფილებას გადაეცა ორი, კონსერვატორიის მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიას კი - ერთი როიალი), ნოემბერში - 10.
კულტურის სამინისტროსა და STEINWAY & SONS-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კონსერვატორიის ტექნიკური ჯგუფის გადამზადებას.
ხელშეკრულების თანახმად, როიალების მოწოდებასთან ერთად კომპანია ვალდებულია საქართველოში პერიოდულად გამოგზავნოს ინჟინრები, რომლებიც როგორც როიალების მოწოდებისას, ასევე შემდგომ მუსიკალურ ინსტრუმენტებს უფასოდ გამართავენ (ააწყობენ), ტექნიკურად შეამოწმებენ და ასევე უფასოდ მოამზადებენ ადგილობრივ სპეციალისტებს, რადგან საქართველოში ამწყობის პროფესია დიდი ხანია იშვიათობად იქცა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია STEINWAY & SONS-სთვის კონსერვატორიასთან გაფორმებული შეთანხმება ევროპის მასშტაბით უპრეცედენტოდ ითვლება.
სამინისტროს ინფორმაციით, მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტი აქტუალური პრობლემაა არა მხოლოდ კონსერვატორიის, არამედ სხვა სახელოვნებო სასწავლებლებისთვისაც. ინსტრუმენტები განსაკუთრებულად სჭირდებათ: ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს, გორის სამუსიკო კოლეჯს, რუსთავის სამუსიკო სასწავლებელს და არაერთ სხვა სასწავლო დაწესებულებას.
2022 წლის 14 სექტემბერს საქართველოს კულტურის სამინისტრომ STEINWAY-ის ცხრა როიალი მიიღო და ამგვარად 50-წლიანი წყვეტის შემდეგ კონსერვატორიის როიალების ფონდი განახლდა.
ყველა ახალი ამბავი
0