მსოფლიოში პირველი „თვითმოძრავი სავარძელი“, ანუ ამბავი კარდენახელი თავადისა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2023
გამოწერა
ირკალი ვაჩნაძეზე, კაცზე, რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში ლამის მთელი მსოფლიო აალაპარაკა, დღეს ბევრმა არაფერი იცის.
ასევე ძალიან ცოტას თუ სმენია იმ ფაქტის შესახებ, რომ „თვითმოძრავი სავარძელი“, ანუ, როგორც დღეს ვეძახით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა ეტლი, სწორედ მან, ქართველმა თავადმა შექმნა.
ირაკლი ვაჩნაძეს, რომელსაც ბებურო ვაჩნაძის სახელით იცნობდნენ და მაღალი ტანით, მოხდენილი მიხრა-მოხრითა და ულვაშით ათას კაცში გამოირჩეოდა, თვითმოძრავი ეტლის შექმნა ერთმა კონკრეტულმა შემთხვევამ შთააგონა.
ქუჩაში მიმავალს გოლოვინის პროსპექტზე დამბლადაცემული დიდგვაროვანი შეუნიშნავს, რომელსაც მოსამსახურე მიაგორებდა. მაშინვე ერთი ღარიბი ნათესავი გახსენებია, კეთილშობილი, განსწავლული და გონიერი ყმაწვილი, რომელიც ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობისა იყო და ვინაიდან მსახურის დაქირავების საშუალება არ ჰქონდა, დიდად იტანჯებოდა.

სწორედ მაშინ დაფიქრებულა სერიოზულად, რით შეიძლებოდა შეემსუბუქებინა დავდრომილთა მდგომარეობა და... ყოველგვარი ნახაზის გარეშე შექმნა თვითმოძრავი სავარძელი. თუმცა ბევრი კი იწვალა, რადგან მის წამოწყებას მხარი არავინ დაუჭირა და საჭირო ფულის მოძიებაც გაუძნელდა.
„სახალხო გაზეთი“ 1912 წელს ასეთ რამეს წერდა:
„თავად ირაკლი ვასილის ძე (ბებურო) ვაჩნაძის მიერ გამოგონილი თვითმოძრავი სავარძელი ამას წინათ მოსკოვში გამოსცადეს და კარგი გამოდგა — საათში 20 ვერსი გაუვლია. ამ სავარძლის დამზადება გამომგონებლის ნების დაურთველად არავის შეუძლიან. მოსკოვში უკვე შემდგარა ამხანაგობა, რომელიც სათანადო ქარხანას აშენებს თურმე და შესაფერისი მანქანები დაუკვეთნია“.
თუმცა, ეს ირაკლი ვაჩნაძის ერთადერთი გამოგონება არ ყოფილა. ერთი ხანობა, თურმე, ისეთი აპარატის შექმნაზე მუშაობდა, რომლითაც ადამიანი ერთნაირად შეძლებდა გადაადგილებას მიწაზეც, წყალშიცა და ჰაერშიც. მართალია, ამ ჩანაფიქრის ხორცშესხმა ვერ შეძლო, მაგრამ სხვა გამოგონებებით გააოცა საზოგადოება.
მაგალითად, ბებურო ვაჩნაძეს ეკუთვნის პირველი ოფლის საწინააღმდეგო წინდების შექმნა, რომელიც ადამიანს უსიამოვნო სუნს უქრობდა. ყველაფერი გენიალურად მარტივი იყო: წინდებს სპეციალური ხსნარით ჟღენთდა, რომელთა ეფექტურობაც იმდროინდელმა ექიმებმაც დაადასტურეს.
გამომგონებელი მოგვიანებით იხსენებდა, რომ სპეციალურად ქსოვაც კი ისწავლა და პირველი წყვილი წინდა თავად მოქსოვა.
1919 წლის 19 ივლისს გაზეთი „საქართველო“ წერდა:
„ირაკლი ვაჩნაძეს, რომელმაც შვიდიოდე წლის წინ გამოიგონა ინვალიდთა თვითმატარებელი, ოფლის მომსპობი წინდები და ჩულქები, ახლახანს კიდევ საზღვაო ტანისამოსიც გამოუგონია, რომლითაც ცურვა დიდ ოკეანეშიც შეიძლება. საჭიროა, ქართულმა სატეხნიკო საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს ამ ახალ გამოგონებას და ღირსიც იქნება, გზა გაუკვალოს“.
სამწუხაროდ, ბებურო ვაჩნაძის იდეებით საქართველოში არავინ დაინტერესებულა, აი ერთ-ერთ ინგლისურ ფირმას კი მისგან ნებართვა (პატენტი) აუღია წინდებისა და ჩულქების მისი მეთოდით დამზადებაზე. ინგლისელებს მაშინვე ჩაუშვიათ ეს გამოგონება წარმოებაში, გვარიანი მოგებაც უნახავთ და მერე ვაჩნაძეს წლების განმავლობაში შემოსავლის 50 პროცენტსაც უხდიდნენ.
სამწუხაროდ, უცნობია, თუ როგორ წარიმართა ქართველი გამომგონებლის შემდგომი ბედი. შემორჩენილია მისი ერთადერთი სურათი, რომელიც ერთ-ერთ რუსულენოვან გაზეთში დაიბეჭდა.
ფოტოზე, რომელზეც ქართულ ჩოხაში გამოწყობილი ბებურო ვაჩნაძე მის მიერვე გამოგონილ ეტლში ზის, თან ასეთი წარწერა ერთვის: „თავადი ირაკლი ვაჩნაძე, თვითგადასაადგილებელი ეტლის გამომგონებელი".
ყველა ახალი ამბავი
0