დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
გამოწერა
ხმები იმის შესახებ, რომ სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოს დატოვებას გეგმავდა, მასმედიაში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატსა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ დავით სერგეენკოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.
ამის შესახებ დადგენილებას კენჭისყრისას საკანონმდებლო ორგანოში 78 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორმა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დავით სერგეენკომ პარლამენტის თავმჯდომარეს 2023 წლის 27 ოქტომბერს მიმართა. მისი წერილობითი განცხადება დღეს დილით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და დადებითი დასკვნა ბიუროს გადაუგზავნა, რის შემდეგაც საკითხი დღის წესრიგში შეიტანეს, პლენარულ სესიაზე განხილვის შემდეგ კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.
„მადლობას ვუხდით ბატონ დავითს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვებთ წარმატებას მის შემდგომ საქმიანობაში", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტმა რამდენიმე თვის წინაც იმსჯელა, რისი საფუძველი სერგეენკოს მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა. თუმცა, სექტემბრის დასაწყისში პარლამენტმა სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტი ჩააგდო.
ჭორები წასვლის შესახებ
ხმები იმის შესახებ, რომ სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოს რიგების დატოვებას აპირებდა, მასმედიაში ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში გავრცელდა.
მაშინ ხუთმა დეპუტატმა, რომლებიც მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების" პარტიული სიით მოხვდნენ, მანდატი დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში მათი ადგილები სიიდან მომდევნო წევრებმა დაიკავეს.
მაშინ სერგეენკო მათ შორის არ იყო. მაგრამ მარტის ბოლოს მმართველმა პარტიამ ის გაიწვია პარლამენტის ორი კომიტეტიდან - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების კომიტეტიდან.
თავად სერგეენკომ არ გასცა ცალსახა პასუხი კითხვაზე, ტოვებდა თუ არა პარტიას და მანდატს. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ მისთვის მეათე მოწვევის პარლამენტი არის ბოლო სამუშაო ადგილი საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში. სერგეენკომ დასძინა, რომ ექიმად მუშაობა ურჩევნია.
ყველა ახალი ამბავი
0