თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2023
გამოწერა
სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას „თბილისის განვითარების ფონდი" მომავალი წლიდან დაიწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება გამზირზე არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები და კონსტრუქციული ნაწილები, ასევე მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება და მოწესრიგდება ფასადებზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები.
„ტერიტორიაზე არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლები, რომელთაც სპეციალური დამუშავება, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. უკვე მთლიანად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, ასევე, გუდიაშვილის მოედანი", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ბოლო ეტაპზე რუსთაველის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, სავარაუდოდ, ორ წელი გაგრძელდება.
„შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამ თვალსაზრისით გამზირზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები, კომუნიკაციების დაზიანების გამო. საგზაო სამუშაოები ბოლოს ჩატარდება, როდესაც ფასადების ძირითადი ნაწილი მოწესრიგებული, ხოლო შენობები გამაგრებული იქნება", - აღნიშნა თბილისის მერმა.
სარეაბილიტაციო პროექტი ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება, რადგან მერის თქმით, გამზირზე ბევრი შენობა-ნაგებობაა.
ყველა ახალი ამბავი
0