კალაძე: თბილისს ახალი ნაძვის ხე ექნება

© Tbilisi City Hall Новогодняя елка Тбилиси
Новогодняя елка Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2023
გამოწერა
მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს, ტრადიციულად, რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დადგამენ.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მოსახლეობა ახალი 2024 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება, რომელიც 15 დეკემბერს აინთება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
2023 წლის 1 იანვრის ღამეს ფეიერვერკის გასროლის შედეგად ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებმა ცეცხლის დროულად ჩაქრობა შეძლეს, ნაძვის ხე ძლიერ დაზიანდა. გავრცელებული ინფორმაციით, მერიას ახალი მთავარი საახალწლო ნაძვის ხის შეძენა 730 ათასი ლარი დაუჯდება.
„გასულ წელს ნაძვის ხეს ცეცხლი წაეკიდა და ძალიან დაზიანდა... ჩვენ ახალი ნაძვის ხის ყიდვა მოგვიწია. 15 დეკემბერს ვგეგმავთ მთავარი ნაძვის ხის ანთებას. გაიმართება კონცერტი, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქი წინასაახალწლო სამზადისი დაწყებულია და ყველაფერ კეთდება იმისთვის, რომ თბილისი ახალ წელს კიდევ უფრო ლამაზად და განსაკუთრებულად შეხვდეს.
„დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია. შეამჩნევდით, რომ ქუჩები უკვე ირთვება ილუმინაციებით. საახალწლო განათებები უკვე 30-ზე მეტ ქუჩაზე დამონტაჟდა და პროცესი გრძელდება“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, წელს რუსთაველის გამზირი დეკემბრის დასაწყისში ახალი ილუმინაციებით მოირთვება.
რამდენს დახარჯავს თბილისის მერია ახალ საახალწლო ნაძვის ხეზე>>>
როგორც კალაძემ აღნიშნა, წელს „საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში 16 დეკემბრიდან მოეწყობა - სადღესასწაულო დღეებში ორივე ლოკაციაზე გაიმართება ტრადიციული საახალწლო ბაზრობები, ასევე იმუშავებს კვების სხვადასხვა ობიექტი.
კალაძის თქმით, „საახალწლო სოფელში“ დამონტაჟდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და, რაც მთავარია, იქნება თოვლის ბაბუა, რომელთან ფოტოს გადაღებაც იქნება შესაძლებელი. აქ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო კონცერტები. ბავშვებს ადგილზე დახვდებათ ზღაპრების პერსონაჟები, ასევე მოეწყობა საბავშვო სახელოსნოები და მსვლელობები.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, კალაძის თქმით, 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი.
ყველა ახალი ამბავი
0