თუ კეფა გტკივათ: შესაძლო რთული დაავადებები, მიზეზები და რჩევები
გამოწერა
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თავის ტკივილი კეფის არეში, რომელიც განსაკუთრებით ხშირია მათ შორის, ვინც ბევრს მუშაობს თავდახრილი, ვთქვათ, კომპიუტერთან, უსიამო, თუმცა, როგორც წესი, უვნებელი ტკივილია და საკმაოდ სწრაფად ქრება თავისით, აცხადებენ სპეციალისტები.
მაგრამ, მათი თქმით, ზოგჯერ კეფის ტკივილი შეიძლება უფრო რთული დაავადებების სიმპტომიც იყოს, ამიტომ ზოგ შემთხვევაში აუცილებელია, რომ სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
ასეთი შემთხვევებია, თუ:
ტკივილი თავის დარტყმის ან რაიმე ტრავმის შემდეგ ჩნდება;
მკვეთრი, ძლიერი ტკივილი მოულოდნელად იწყება. განსაკუთრებით საშიშია, თუ ის ღამით გაგაღვიძებთ;
ტკივილი ძლიერდება ხველების ან პოზის შეცვლისას;
კისრის კუნთები „ქვავდება“ და თავის წინ ან გვერდზე გადახრას ვერ ახერხებთ;
ძლიერ ტკივილს თან ახლავს ცხელება — ტემპერატურა იწევს 38,9 გრადუსზე მაღლა;
ტკივილს თან ახლავს თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, ცნობიერების აღრევა, გულისრევა და ღებინება. ასევე ნევროლოგიური სიმპტომები: მხედველობის გაორება ან დაბინდვა, ძლიერი სისუსტე (განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს), დაბუჟება ან კრუნჩხვები კიდურებში, გაუგებარი მეტყველება ან სხვათა ნათქვამის გაგების გაძნელება;
თვალის თეთრონი გიწითლდებათ კაპილარების გაწყვეტის გამო;
ტკივილი გაჩნდა რომელიმე ცხოველის კბენის გამო — სხეულის ნებისმიერ ადგილას.
ექიმების თქმით, ასეთი სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს თავის ქალაში სისხლჩაქცევაზე, ინსულტზე ან ტვინის სერიოზულ ინფექციურ დაზიანებებზე, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.
თუ კეფა გტკივათ, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი საშიში სიმპტომები არ აღგენიშნებათ, მაშინ უსიამოვნო შეგრძნებები შედარებით უვნებელი მიზეზებით არის გამოწვეული.
კეფის ტკივილის ხუთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ასე გამოიყურება:
გადაღლა ან ნერვიულობა
კეფაში უსიამო შეგრძნების ყველაზე გავრცელებული შემთხვევა — ეს ეგრეთ წოდებული დაძაბულობის თავის ტკივილია (TTH). ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან, ან ბევრს მუშაობს თავდახრილი. თუმცა დაძაბულობის თავის ტკივილი შეიძლება სხვა ფაქტორებმაც გამოიწვიოს: მაგალითად, თვალის ხანგრძლივმა დაძაბვამ, დახუთულ ოთახში ყოფნამ, სტრესულმა გარემომ, რომელსაც ადამიანი დიდხანს ვერ აღწევს თავს.
ასეთ შემთხვევაში ტკივილი ყრუა და ჩნდება შეგრძნება, რომ თავზე მჭიდრო რგოლი გიჭერთ. დაძაბულობის თავის ტკივილს არ ახლავს პულსაცია, გულისრევის ან ღებინების შეგრძნება და არ ძლიერდება თავის მიბრუნებისას ან სხვა მოძრაობების დროს.
როგორ უნდა მოიქცეთ
შეგიძლიათ უბრალოდ დაწვეთ და დაისვენოთ. ხშირ შემთხვევაში TTH 30 წუთში ქრება. თუ მოსვენების საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ დალიოთ ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლები — ოღონდ მკაცრად ინსტრუქციის მიხედვით და არავითარ შემთხვევაში 2-3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
თუ ტკივილი ძალიან ხშირად ჩნდება ან დიდი ხნის განმავლობაში არ ქრება, აუცილებლად მიმართეთ თერაპევტს.
შაკიკი
შაკიკი განმეორებადი თავის ტკივილის გავრცელებული ტიპია. შაკიკით ყველაზე მეტად 35-45 წლის ქალები იტანჯებიან.
შაკიკი შეიძლება ამოვიცნოთ მისი დამახასიათებელი სიმპტომებით: ძლიერი პულსირებადი ტკივილით, სუნებისა და სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობითა და გულისრევის შეგრძნებით. ამასთან ტკივილი ძლიერდება მოძრაობასთან ერთად.
როგორ უნდა მოიქცეთ
რა თქმა უნდა, ამ საკმაოდ უსიამოვნო ტკივილს არ უნდა გაუძლოთ. უმჯობესია, მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება — მაგალითად, იბუპროფენის ან პარაცეტამოლის საფუძველზე.
თუ შაკიკის შეტევა თვეში ოთხჯერ ან მეტჯერ გიმეორდებათ, უნდა მიმართოთ ექიმს.
ჭარბი პრეპარატები
თუ თავი დროდადრო გტკივათ და მის გასაყუჩებლად ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლებს იღებთ, ეს ნორმალურია. მაგრამ ზოგჯერ, როცა შაკიკი ხშირად მეორდება, ადამიანს მედიკამენტების მიღება თვეში 10 დღეზე მეტ ხანს (არა ზედიზედ, არამედ ჯამში) უწევს. ამ შემთხვევაში ჩნდება ტკივილგამაყუჩებლების მიღებით გამოწვეული თავის ტკივილის რისკი.
ამგვარი ტკივილის ამოცნობა შეიძლება შემდეგი ნიშნებით:
თავი ყოველდღე გაწუხებთ;
ყველაზე მაგრად თავი დილაობით გტკივათ, თუმცა დღის განმავლობაშიც არ გეხსნებათ;
ჩვეული ტკივილგამაყუჩებლები გშველით, მაგრამ როგორც კი მათი მოქმედება მთავრდება, დისკომფორტი ახალი ძალით ბრუნდება;
ამასთან გრძნობთ: სისუსტეს, გაღიზიანებას, შფოთვას, გიჭირთ ყურადღების კონცენტრაცია და რაიმეს დამახსოვრება.
როგორ უნდა მოიქცეთ
აუცილებელად მიმართეთ ექიმს, რომელიც უკეთეს და ეფექტურ პრეპარატს შეგირჩევთ.
კეფის ნევრალგია
ეს საკმაოდ იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც ტკივილი გადაეცემა კისერსა და ზურგს, ასევე ყურსა და ქვედა ყბას. თავის მოძრაობის, ტკივილისა და ცემინების დროს ტკივილი მკვეთრად ძლიერდება. ხშირად ავადმყოფი ცდილობს არ გაანძრიოს თავი, რათა ინტენსიური ტკივილის შეტევა არ გამოიწვიოს.
თუ კეფის ნერვის ნევრალგია დიდხანს გაგრძელდა, თავს იჩენს თავის მთელი უკანა ნაწილის მომატებული მგრძნობელობა.კეფის ნერვის ნევრალგიის მიზეზი უმეტესად არის კისრის მალების დაავადებები, ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადაცივება და ადენოვირუსული დაავადებები (გაციება).
როგორ უნდა მოიქცეთ
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ზუსტი დიაგნოზის დასმა. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რომელიც განსაზღვრავს, არის თუ არა ეს კეფის ნევრალგია, და თუ არის, რით უნდა იმკურნალოთ: მედიკამენტებით, კომპრესებით, მასაჟებით თუ ფიზიოთერაპიით.
მოუხერხებელ პოზაში ძილი
კეფაში ტკივილი შეიძლება კისრის კუნთების ანთებამაც გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, უხერხულად ძილის გამო ჩნდება, როცა ადამიანს თავი და კისერი არასწორ პოზაში უდევს.
ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტენსივობისა — მუდმივი ან პერიოდული. ზოგჯერ ტკივილი შეიძლება დაიწყოს გარკვეული მოძრაობის შესრულებისას.
როგორ უნდა მოიქცეთ
მიმართეთ ექიმს, რადგან ამ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა.თუ ექიმი დაადასტურებს, რომ პრობლემა მხოლოდ პოზაშია, დაგინიშნავთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს და სპეციალურ ვარჯიშებს კისრისთვის.