ელჩი: ლევილი საქართველოსა და საფრანგეთის კულტურული თანამშრომლობის ცენტრი გახდება

© Ministry of Culture, Sports and Youth of Georgiaლევილი
ლევილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2023
გამოწერა
ლევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება - მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთში ქართული მამული ლევილი ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის ცენტრი გახდება, ამ მიზნით კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შორის გაცვლითი პროგრამები განხორციელდება, განაცხადა საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა.
პარიზში ვიზიტით მყოფმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საფრანგეთის კულტურის მინისტრ რიმა აბდულ მალაქთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი. შეხვედრაზე მხარეებმა რიგ საკითხებზე, მათ შორის ლევილის მამულის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
„ლევილი გახდება კულტურული თანამშრომლობის ახალი ძლიერი კერა, სადაც ქართველი ხელოვნების მოღვაწეები, მოქანდაკეები და მხატვრები სტაჟირებას გაივლიან. მათ ფრანგებიც შეუერთდებიან და მოხდება გაცვლა. დაიგეგმება როგორც ქართველების საფრანგეთში, ისე საქართველოში ფრანგი ახალგაზრდების სტაჟირება“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვისთვის საჭირო განათლებასა და პროფესიულ მომზადებას. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო დაინტერესებულია, ახალგაზრდა კადრების ფორმირება-მომზადება ან გადამზადება მოხდეს საფრანგეთში რესტავრაციის, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით.
საფრანგეთის კულტურის მინისტრმა მომავალ წელს ამ სფეროში ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის მზადყოფნა გამოხატა.
ლევილის მამულში სარემონტო სამუშაოების მორიგი ეტაპი დასრულდა>>>
შეხვედრაზე მინისტრმა წულუკიანმა ისაუბრა საქართველოს კულტურულ მიღწევებზე, მათ შორის იმ ფაქტზე, რომ 2023 წელს ლევილში პირველად გაიმართა ქართული ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართულმა გუნდებმა, ანსამბლებმა და თეატრებმა. მინისტრის თქმით, ფესტივალი, რომლის მიზანია საფრანგეთში ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ყოველწლიურად გაიმართება.
ამასთან, სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას ლევილის მამულში უმასპინძლოს ქართველ და ფრანგ ხელოვანებს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში და ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.
ყურადღება დაეთმო ასევე მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის მასშტაბურ გამოფენას, რომელიც წარმატებით ჩატარდა დანიასა და შვეიცარიაში. შვეიცარიაში ბეილერის ფონდში გამოფენა გაგრძელდება 2024 წლის 24 იანვრამდე. საუბარი ასევე შეეხო ქართული კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს „ევროპელია-საქართველო", სადაც ევროპული საზოგადოება ესწრება ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიულად მნიშვნელოვან გამოფენას - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936" და „საქართველო - შეხვედრების ადგილი".
შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ განაცხადა, რომ მზად არიან, მჭიდროდ ითანამშრომლონ და მეტი საერთო კულტურული ღონისძიება დაგეგმონ როგორც საქართველოში, ისე საფრანგეთში. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საფრანგეთის კულტურის მინისტრი რიმა აბდულ მალაქი საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია.
ლევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც ეს მამული შეიძინა. მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0