მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთთან სადავო კურილის კუნძულებზე იაპონიის პოზიცია არ იცვლება

CC BY 2.0 / Stefan Laketa / Japanese flagიაპონიის დროშა
იაპონიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2023
გამოწერა
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების საგანი ჩრდილოეთის ტერიტორიების კუთვნილებაა, განაცხადა იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ.
„ჩრდილოეთის ტერიტორიები არის კუნძულები, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ვრცელდება და ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორიებია. იაპონიის მთავრობის პოზიცია არ იცვლება. სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების საგანი არის ოთხი კუნძულის ტერიტორიული კუთვნილება — ეს ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრული პოზიციაა“, — განაცხადა მაცუნომ.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და იაპონიის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს სინგაპურში შეხვედრის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა და ტოკიოს ამჟამინდელი პოზიციით დაინტერესდა.
აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაზე მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ 1956 წლის ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც კუნძულ ჰაბომაისა და შიკოტანის იაპონიისთვის გადაცემას ითვალისწინებს.
„სინგაპურში მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, ისევე როგორც სხვა ადრინდელი შეთანხმებებისა, ჩვენ დაჟინებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ჩრდილოეთ ტერიტორიების პრობლემის გადასაჭრელად და სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად <...>. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო, ახლა არ არის ისეთი ვითარება, რომ რაიმე კონკრეტულის თქმა შეიძლებოდეს სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე. მაგრამ [იაპონიის] მთავრობა კვლავაც თავისი პოზიციის ერთგულია ჩრდილოეთის ტერიტორიებთან და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით“, — დასძინა მაცუნომ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.

1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0