კალაძე: სააკაშვილის შეწყალებით პრეზიდენტი მისი დანაშაულების გამზიარებელი გახდება

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2023
გამოწერა
ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, რომ ექს–პრეზიდენტს არ შეიწყალებს.
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით, მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმ დანაშაულების თანამონაწილე გახდება, რომლებიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა, რომელიც საფრანგეთში ქართული თემის ხელმძღვანელია, Palitra News–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ეძებდა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტას, თუმცა, პოლიტიკურ გარემოში გადაწყვეტილების პოვნა ადვილი არ არის.
„თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ის იქნება გამზიარებელი იმ უბედურებების, რომელთა მთავარი შემოქმედი გახლდათ სააკაშვილი, რაც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა იკადრა და აკადრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.
როგორც კალაძე მიიჩნევს, ზურაბიშვილი არ შეიწყალებს სააკაშვილს, თუმცა, გამორიცხული არაფერია.
„მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას არ გააკეთებს. რადგან მას პრინციპულად სიტყვა ნათქვამი აქვს. მგონია, რომის თავის ნათქვამს არ გადააბიჯებს და გააკეთებს იმას, რაც განაცხადა თვეების წინ და რასაც ამბობდა ყოველთვის“, – განაცხადა კალაძემ.
პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალება ფიზიკურად არ შეუძლია - ოპოზიციონერი>>
ზურაბიშვილმა საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტს არ შეიწყალებს.
2021 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0