ასაფეთქებელი მოწყობილობები და „ისლამური სახელწიფოს“ დროშა: სუსმა ორი უცხოელი დააკავა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2023
გამოწერა
კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეციალური ოპერაცია თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა.
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა. რა დროსაც ამოღებულია სამხედრო აღჭურვილობა, ელექტროშოკები, ყალბი დოკუმენტები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით, ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონტრტერორისტულმა ცენტრმა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.
კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეციალური ოპერაცია თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა.
„ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით“, - ნათქვამია უწყების განცხადებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პირველი პრიმა და 236-ე მუხლებით აწარმოებს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნას და ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
„კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მხილების მიზნით“, - წერია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0