მემორანდუმი გაფორმებულია: ქართველი მკვლევარები ვატიკანის ბიბლიოთეკის არქივში დაუშვეს

© Sputnik / Ekaterina Mikaridze ბიბლიოთეკის არქივი
 ბიბლიოთეკის არქივი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
გამოწერა
ქართველ მეცნიერებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ვატიკანის არქივებში ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი დოკუმენტებია დაცული.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტმა მონსინიორ მაურო მანტოვანიმ ვატიკანის წმინდა საყდრის ბიბლიოთეკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
მემორანდუმის თანახმად, ქართველ სტუდენტებს, მკვლევრებსა და მეცნიერებს ამიერიდან ეძლევათ შესაძლებლობა, შეისწავლონ ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო მასალა. ამასთან ვატიკანის ბიბლიოთეკა პასუხისმგებლობას იღებს, გადაამზადოს ქართველი ბიბლიოთეკარები და არქივარიუსები.
ცერემონიას საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნულ ფაქტს ისტორიული უწოდა.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელნაწერების საცავის, ვატიკანის წმინდა საყდრის ბიბლიოთეკას ფართობი 85 კმ-ს აჭარბებს. სავარაუდოდ, ვატიკანის საცავებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ხელნაწერებია დაცული.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვატიკანის Propaganda Fide-ს შენობაში XVII-XIX საუკუნეების თარგმანები, პირადი და ოფიციალური წერილები და სხვა დოკუმენტური მასალები აღმოაჩინეს, რომლებიც ამ დრომდე არ არის შესწავლილი. ქართველ მეცნიერებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ვატიკანის არქივებში დაცულია ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი დოკუმენტები. ზოგიერთი მკვლევარი არ გამორიცხავს, რომ ეკატერინე ჭავჭავაძის პირად არქივში, რომელიც ასევე ვატიკანში ინახება, პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოც აღმოჩნდეს.
ყველა ახალი ამბავი
0