პრეზიდენტის ქმედებები არაკონსტიტუციურია - დეპუტატი

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2023
გამოწერა
პრეზიდენტი საფრანგეთში გაემგზავრა ისე, რომ ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მისი მოქმედებები ადასტურებს, რომ მან დაკარგა ლეგიტიმურობა და აქტუალობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ 9 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში მიემგზავრება პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილეობისთვის. პრეზიდენტის თქმით, ის აპირებს იგივე გააკეთოს, რასაც აქამდე აკეთებდა - საქართველოს კანდიდატურის ლობირება. მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ზურაბიშვილს ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.
„პრეზიდენტი ამგვარ ქმედებებს აგრძელებს, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. კონსტიტუციის პატივისცემა აბსოლუტურად ყველას მოეთხოვება და, მით უმეტეს, პრეზიდენტს. სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ასეთი ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქტუალობა დაკარგული აქვს და ცდილობს, საკუთარი აქტუალობა შეინარჩუნოს და ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებს", - განაცხადა ჩიქოვანმა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. უკვე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
დეპუტატის თქმით, მმართველმა პარტიამ უკვე აჩვენა საზოგადოებას, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.
„სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები არაკონსტიტუციურია და ის საკუთარი მოქმედებებით ადასტურებს, რომ ლეგიტიმურობა და აქტუალობა დაკარგული აქვს და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური რენომეს შენარჩუნების მიზნით მოქმედებს", - განაცხადა ჩიქოვანმა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი არჩევნებით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება.
ყველა ახალი ამბავი
0