ფულის გამომძალველებისთვის ნათქვამი უარი „ლილო მოლის“ მოვაჭრეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2023
გამოწერა
ბრალდებულებს თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში, „ლილო მოლის" ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ პირს ბრალდება წაუყენა, მესამე ბრალდებულს კი შეკვეთით განზრახ მკვლელობისთვის ბრალი დაუმძიმდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება ერთ პირს - შეკვეთილ მკვლელობას, მეორეს - მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მესამე ბრალდებულს შეკვეთით განზრახ მკვლელობას ედავება.
გამოძიების მიხედვით, საზღვარგარეთ მყოფი ბრალდებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის" ბაზრობაზე მოვაჭრეებს თანხას სძალავდა.

„ბრალდებულმა ერთ-ერთი მოვაჭრის მხრიდან უარის მიღების გამო მისი მკვლელობა შეუკვეთა და საქართველოში მყოფი მეგობრის დახმარებით მკვლელობის ჩადენისთვის წინასწარ შერჩეულ პირს ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა გადასცა", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, 2023 წლის 3 აგვისტოს ,,ლილო მოლის" ტერიტორიაზე მკვლელმა დაზარალებულს თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაშავებული 17 აგვისტოს გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მკვლელობის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე და 236-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა. მოგვიანებით მას ბრალდება დაუზუსტდა და ბრალი საქართველოს სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა შეკვეთით) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით წარედგინა.
მკვლელობის შემკვეთი პირის მეგობარი, რომელმაც მკვლელს ცეცხლსასროლი იარაღი მიუტანა, სამართალდამცველებმა 7 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 25-109-ე მუხლით (შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარება) წარედგინა.
რაც შეეხება მკვლელობის შემკვეთს, რადგან ის იმყოფება მიმალვაში, ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა შეკვეთით და ანგარებით) დაუსწრებლად წარედგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების მხილების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0