2024 წლის არჩევნები დემოკრატიის ინდიკატორი გახდება – ევროკავშირის ელჩი

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2023
გამოწერა
საქართველოში 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება 2024 წელს დემოკრატიის ინდიკატორი გახდება და ევროკავშირი ამას ყურადღებით დააკვირდება, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას.
„ამ ახალი ნაბიჯებიდან ერთ-ერთია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს დემოკრატიის ხერხემალია. რა თქმა უნდა, ჩვენ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდე მიმავალ მთელ პერიოდს დავაკვირდებით", – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მან მომავალ არჩევნებზე ევროკავშირისთვის განმსაზღვრელი კრიტერიუმიც დაასახელა
„იმედი გვაქვს, რომ სუფთა ველი იქნება და ყველა შეძლებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და უპირველეს ყოვლისა - რომ ძალადობა არ იქნება... ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია", – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ცხრა ნაბიჯს შორის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის ჩატარების უზრუნველყოფაა, განსაკუთრებით 2024 წელს, და OSCE/ODIHR–ის რეკომენდაციების სრული შეფასება.
ასევე რეკომენდაციებს შორისაა საარჩევნო რეფორმის დასრულება და არჩევნებზე ამომრჩევლების ადეკვატური გამოცხადების წინასწარ უზრუნველყოფა.
საქართველოს ახალი მოთხოვნები წაუყენეს - ევროკომისიის ანგარიში>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება მიღებული.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
ჰერჩინსკი: ეს რეკომენდაცია ევროკავშირის მხარდაჭერის აღიარებაა>>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0