სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანია 150 ათასი ლარით დააჯარიმა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2023
გამოწერა
შპს „მამედი“, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ოპერირებს, სემეკმა ანალოგიური მიზეზით წინა წლებშიც არაერთხელ დააჯარიმა.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 150 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაჯარიმების მიზეზს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის შეუსაბამო ქვითრის წარდგენა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის, სემეკის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ტარიფზე მეტი ღირებულებით დარიცხვა წარმოადგენს.
სემეკის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „მამედი“ მომხმარებელს თვითნებურად არიცხავდა იმაზე მაღალ ტარიფს, ვიდრე სემეკის მიერ არის დადგენილი. კომპანია დაჯარიმდა და დაევალა მომხმარებლისთვის ზედმეტობით დარიცხული თანხების დაბრუნება. თუმცა, შპს „მამედმა“ კვლავ გააგრძელა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფზე მეტი ღირებულებით დარიცხვა.
„საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „მამედს“ დაევალა სემეკის მიერ დადგენილ ზღვრულ ტარიფზე მეტად დარიცხული თანხის მომხმარებლისთვის უკან დაბრუნდება და ამის შესახებ ინფორმაციის წარდგენა სემეკში", - ნათქვამია განცხადებაში.
სემეკის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი სადამსჯელო სანქციები.
საქართველოს უმეტეს რაიონებში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" გაზის ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 53,9 თეთრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0