თქვენ მიზოფობი ხართ, თუ... სიმპტომები და მკურნალობა

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2023
გამოწერა
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. მიზოფობია — ეს არის პათოლოგიური შიში ჭუჭყისა და მიკროორგანიზმების მიმართ, როდესაც ადამიანი ცდილობს, არ შეეხოს ირგვლივ არსებულ საგნებსა თუ გარშემომყოფებს.
ზოგადად მავნე ბაქტერიების შიში ნორმალურია, მაგრამ ეს შიშები ფობიაში გადადის, როდესაც მიკრობებზე ფიქრები აკვიატებული ხდება, მუდმივად აწუხებს ადამიანს და ცვლის მის ქცევას.
ამ შიშმა შეიძლება სოციალური პრობლემებიც გამოიწვიოს. ადამიანს შეიძლება ეშინოდეს ხელის ჩამორთმევისა და ჩახუტებისა, რის გამოც თავს არიდებს ადამიანებს, რათა მათგან უნებლიედ არ დაინფიცირდეს.
მიზოფობია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. თუმცა OCD სულაც არ გულისხმობს მხოლოდ მიკრობების შიშს. ამ დარღვევის მქონე ადამიანებს შესაძლოა მრავალფეროვანი აკვიატებული აზრები აწუხებდეთ.

საიდან ჩნდება მიზოფობია

სპეციფიკურ ფობიებს ადამიანთა 30% მემკვიდრეობით იღებს. თუმცა საქმე მხოლოდ გენებში კი არა, არამედ გარემოშიცაა.
თუ, მაგალითად, მშობლებს მიკრობებისა ეშინიათ, შვილები დიდი ალბათობით დაიწყებენ ბაქტერიების ბოროტებად აღქმას და მათგან ნებისმიერი საშუალებით თავდაცვას.
გარდა ამისა, ფობია შეიძლება ნეგატიური გამოცდილების ფონზეც გაჩნდეს — მაგალითად, მძიმე ავადმყოფობის ან შემდგომი გართულებების გამო.

როგორ უნდა დაადგინოთ, ხართ თუ არა მიზოფობი?

სპეციალისტების თქმით, ადამიანი მიზოფობია, თუ:
ხშირად იბანს ხელებს, ზოგჯერ ზედიზედ რამდენჯერმე ან გაუმართლებლად დიდი ხნის განმავლობაში;
ატარებს ხელთათმანებს, რათა მიკრობებთან კონტაქტი აიცილოს თავიდან;
ერიდება სოციალურ კონტაქტებს. რესტორნებსა და კაფეებზე რომ არაფერი ვთქვათ, შესაძლოა მაღაზიაშიც კი არ შედიოდეს, როცა იქ ხალხია. და უფრო მეტიც, ახლობელ ადამიანებთან (ოჯახის წევრებთანაც კი) ურთიერთობებსაც ერიდებოდეს;
ფუთავს ან რაიმეს აფარებს საგნებს, რომლებსაც ხშირად იყენებს — მაგალითად, ტელევიზორის პულტს, მანქანის საჭეს;
თუ ეჭვი შეეპარა, რომ რაღაც მიკრობიან შეეხო, მაშინვე შინ ბრუნდება და თავიდან ფეხამდე „ირეცხება“;
დღეში რამდენჯერმე ბანაობს ან იღებს შხაპს;
არსად არ მიდის სანიტაიზერის გარეშე და როგორც კი რაიმეს შეეხება, მაშინვე ხელების დეზინფექციას იტარებს.
გარდა ამისა, მიზოფობიამ შეიძლება შფოთვის ფიზიკური სიმპტომებიც გამოიწვიოს:
გულისრევის შეგრძნება;
თავბრუსხვევა;
ხუთვა;
ხშირი გულისცემა;
კანკალი;
ჭარბოფლიანობა.

შესაძლებელია თუ არა მიზოფობიასთან გამკლავება?

ნებისმიერი ფობია კარგად იკურნება კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის (CBT), კონკრეტულად კი დესენსიბილიზაციის პროცედურებით, ან ზემოქმედების თერაპიით.
ტექნიკის არსი მდგომარეობს შემდეგში:

ადამიანი თანდათან, საკუთარი ტემპითა და მისთვის კომფორტულ გარემოში ხვდება შიშის ობიექტს და ეჩვევა მას. მაგალითად, ეხება ჭუჭყიან საგანს, შემდეგ კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იბანს ხელებს, პარალელურად კი მოდუნებასა და დამშვიდებას ცდილობს. დროთა განმავლობაში შიში სუსტდება და ადამიანი ეჩვევა საშიშ საგნებს.

თუ ადამიანს ფობიასთან ერთად ობსესიურ-კომპულსიური აშლილობაც აქვს, ექიმმა (ფსიქიატრმა) შეიძლება მედიკამენტებიც დანიშნოს, რომლებიც ჩვეულებრივ დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება, მაგრამ ასევე შეუძლია შეამსუბუქოს OCD-ის სიმპტომები.
ყველა ახალი ამბავი
0