ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის დროშები
ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2023
გამოწერა
НовостиTelegram
14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკის და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც ევროკომისია 8 ნოემბერს წარადგენს მოხსენებას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდება.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკის და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0