სინოდი ნათლობის საკითხში გამონაკლისს უშვებს: დეკანოზის განმარტება

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2023
გამოწერა
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმადაც პირს ნათლობისას ორ ნათლიაზე მეტის ყოლა ეკრძალება, გარკვეული გამონაკლისია დაშვებული, განუმარტა „იმედის კვირას“ დეკანოზმა ლონგინოზ სუარიშვილმა.
„სინოდის წევრებისგან და პატრიარქისგანაც არის კურთხევა, რომ ვისაც უკვე ჩანიშნული ჰქონდა ნათლობა, ან დაგეგმილი ჰქონდა ნათლობები სინოდის განჩინების შემდგომ უახლოეს მომავალში, გამონაკლისი იყოს დაშვებული. თუ შეზღუდავენ [ნათლიების რაოდენობას], კარგია. თუ არა, ეს გამონაკლისი დაშვებულია უახლოესი ერთი, მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში“, — განაცხადა დეკანოზმა.
შეკითხვაზე, ხომ არ აუქმებს ნათლიობას სინოდის გადაწყვეტილება იმ შემთხვევებში, თუ პირს უკვე ჰყავს ორზე მეტი ნათლია, სუარიშვილმა უპასუხა, რომ სინოდის ახალი განჩინება წარსულში ჩატარებულ ნათლობებს არ ეხება.
„ეს ყველაფერი ძალაშია. ახალი ნორმა დანერგილი იქნება სინოდის განჩინების შემდეგ“, — განმარტა დეკანოზმა.
წმინდა სინოდმა ნათლიების რაოდენობის ორამდე შეზღუდვაზე გადაწყვეტილება 3 ნოემბერს მიიღო. როგორც განჩინებაშია ნათქვამი, ბოლო დროს მრავალი ნათლიის პრაქტიკამ კატასტროფული ხასიათი მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0