როდის აგებს მშობელი პასუხს შვილის ნაცვლად – იცოდეთ თქვენი უფლებები

© unsplash/Suzi Kimმშობელი და შვილი
მშობელი და შვილი  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2023
გამოწერა
კანონმდებლობით, ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობა, იქნება ეს სამოქალაქო, ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი, ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს და პერსონიფიცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პასუხს აგებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ჩამდენი პირი.
თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებლობა ზოგადი წესიდან გარკვეულ გამონაკლისებს ითვალისწინებს, როდესაც არასრულწლოვანი შვილების მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის პასუხისმგებლობა მათ მშობლებს, ან კანონიერ წარმომადგენლებს ეკისრებათ (სრულად ან ნაწილობრივ).
დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ გამონაკლისებზე გესაუბრებით და ვეცდებით აგიხსნათ, რა შემთხვევაში აგებენ მშობლები პასუხს შვილების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებზე მათ ნაცვლად.
რა ასაკიდან იწყება პირის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით?
პასუხისმგებლობის ასაკი განსხვავებულია სამართალდარღვევის მიხედვით, კერძოდ:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირი პასუხს აგებს 16 წლის ასაკიდან,
სისხლის სამართლის წესით – 14 წლის ასაკიდან,
ხოლო სამოქალაქო დელიქტით მიყენებული ზიანისთვის პასუხს აგებს 10 წლის ასაკიდან.
რა შემთხვევაში ეკისრება მშობელს პასუხისმგებლობა შვილის მიერ სხვისთვის მიყენებული ზიანისთვის?
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, 10 წლის ასაკს მიუღწეველი პირი პასუხს არ აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც მან სხვას მიაყენა. ეს არის ცალსახად გამოკვეთილი ნორმა, საიდანაც არანაირი გამონაკლისები არ დაიშვება. თუმცა, მშობლები ან 10 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მეთვალყურეობაზე ვალდებული სხვა პირები მოვალენი არიან, აანაზღაურონ ზიანი, რომელიც ამ ბავშვმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენა სხვას.
მათი პასუხისმგებლობა გამოირიცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მშობლებს ან ბავშვის მეთვალყურეობაზე ვალდებულ სხვა პირებს არ შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება.
10 წელზე მეტი ასაკის, მაგრამ 18 წელს მიუღწეველი ასაკის არასრულწლოვანი პასუხს აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც მან სხვას მიაყენა (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ პირს არ აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი ზარალის ასანაზღაურებლად, დამატებით, ანუ სუბსიდიური წესით, პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობლებს, ან მის სხვა კანონიერ წარმომადგენლებს.
რომელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის შეიძლება, რომ მშობლებმა აგონ პასუხი შვილების ნაცვლად მათი უკანონო ქმედებისთვის?
რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სფეროს, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მშობლები ვალდებული არიან, შვილის მაგივრად აგონ პასუხი. მაგალითად, 170-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნის დათრობა ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. თუ ამ ქმედებას ჩაიდენს არასრულწლოვნის მშობელი, ანდა ჩაიდენს სხვა პირი და მშობელს შეეძლო და არ აღკვეთა ეს ფაქტი, მაშინ მას დაეკისრება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების, ან მის მიმართ სხვა მოვალეობების შეუსრულებლობა ასევე გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
რას გულისხმობს მოვალეობების შეუსრულებლობა?
ესაა არასრულწლოვნის აღზრდის, სწავლების, საცხოვრებლით, საკვებით და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფა.
ანუ, არასრულწლოვნის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება 100 ლარიდან 300 ლარამდე ჯარიმა, თუ:
მოზარდი მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს ექიმის დანიშნულების გარეშე,
ჩაიდენს წვრილმან ხულოგნობას,
მიიღებს ალკოჰოლიან სასმელს,
ატარებს ცივ იარაღს,
არასათანადოდ მოეპყრობა ცხოველებს, არამიზნობრივად გამოიძახებს საგანგებო სამსახურს, მაგალითად, არამიზნობრივად დარეკავს 112-ზე.
ერთი წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი მშობელი (ან კანონიერი წარმომადგენელი) დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.
იმ შემთხვევაში, თუ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გაავრცელებს, მაშინ მისი მშობლები დაჯარიმდებიან 1500 ლარით, ხოლო იმავე სამართალდარღვევის ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში — 2500 ლარით.
ამასთან, ადმინისტრაციულ სმართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, თუ წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირს დამოუკიდებელი შემოსავალი არ აქვს, მაშინ ამ სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულ ჯარიმას — 100 ლარს, მისი მშობლები გადაიხდიან.
რაც შეეხება სისხლის სამართლის სფეროს, დღეს მოქმედი კოდექსით, არასრულწლოვანს პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში პერსონალურად ეკისრება. უფრო მეტიც, არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსი ადგენს, რომ არასრულწლოვნისთვის ჯარიმის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მას დამოუკიდებელი შემოსავალი აქვს კანონიერი საქმიანობიდან.
მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.
ყველა ახალი ამბავი
0