სამხარაძე: უცხოელების დარწმუნების პარალელურად ქვეყნის ღალატთან გვიწევდა ბრძოლა

© Parliament of Georgiaნიკოლოზ სამხარაძე
ნიკოლოზ სამხარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2023
გამოწერა
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ჩვენ ეს ერთი წელი მუდმივად გვიწევდა არამხოლოდ უცხოელი პარტნიორების დარწმუნება, არამედ ქვეყნის შიგნით მუდმივ დეზინფორმაციასთან, საბოტაჟთან და ქვეყნის ღალატთან ბრძოლა, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კანდიდატის სტატუსზე საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე ოპოზიციონერი უცხოელ პარტნიორებს ხვდებოდა და ეუბნებოდა, რომ საქართველოსთვის სტატუსი არ მიეცათ.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ ღალატობს ქვეყანას“, — მიაჩნია სამხარაძეს.
მისი განცხადებით, ვერავინ ახსნა ის ფაქტი, რატომ მისცეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვას და უკრაინას, ხოლო საქართველოს — მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.
„ჩვენ ზედმიწევნით ვერავინ აგვიხსნა, რატომ იყო ეს დიფერენცირება, ერთი მხრივ, საქართველოს და, მეორე მხრივ, უკრაინასა და მოლდოვას შორის. თუმცა, ჩვენ ისტორიას ვეღარ შევცვლით, ამიტომ ვაპირებთ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ვიმუშაოთ იმ რეკომენდაციებზე, რომელიც გადმოგვეცა“, — განაცხადა მან.
ევროკომისია8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0