70 მლნ დოლარის მითვისებისთვის ძებნილი და ბათუმში დაკავებული პირი აშშ-ს გადაეცა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2023
გამოწერა
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, რომელსაც 70 მლნ დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისება ედებოდა ბრალად, საქართველოდან აშშ-შია ექსტრადირებული, იუწყება საქართველო პროკურატურა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებული აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტრანსნაციონალური ხასიათის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნებოდა.
უწყების ცნობით, საუბარია ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერზე, რომელმაც, სულ ცოტა, ოცი თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმა შექმნა და მათი ფუნქციონირებაც უზრუნველყო.
როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებააშია ნათქვამი, ეს წარმოშობით სერბი, 48 წლის კრიატიან კრსტიჩია.
„თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმების გამოყენებით, 6 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასობით დაზარალებულისგან მოტყუებით მიღებულმა თანხამ 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, წითელი ცირკულარით ძებნილი პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს. მისი ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2023 წლის 11 ოქტომბერს მიიღო. ამის შემდეგ ბრალდებული აშშ-ის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა. მისი საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსპორტირება აშშ-ის მარშალთა სამსახურმა უზრუნველყო.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ძებნილი პირის ექსტრადიციაში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0