ფრანგული კომპანია Teleperformance საქართველოში იწყებს მუშაობას

Teleperformance - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2023
გამოწერა
Teleperformance-ს მსოფლიოს მასშტაბით 410 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ციფრული ბიზნესსერვისებისა და მომხმარებელთა მომსახურების (CX) გლობალურმა ლიდერმა, ფრანგულმა კომპანია Teleperformance-მა, საქართველოში ოპერირება დაიწყო, ნათქვამია სააგენტო „აწარმოე საქართველოში-ს“ პრესრელიზში.
ბიზნესპროცესების დისტანციურად მიწოდების სერვისის (BPO) ინდუსტრიის წამყვანმა კომპანიამ საქართველოში საქმიანობის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყანაში არსებული და უცხოელი ინვესტორებისთვის შეთავაზებული უპირატესობები სიღრმისეულად შეისწავლა.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მოიპოვა საკუთარი ნიშა BPO ინდუსტრიაში და ჩამოყალიბდა ახალ კონკურენტუნარიან მოთამაშედ გლობალურ მომხმარებელთა მომსახურების ბაზარზე. ფრანგული კომპანია Teleperformance BPO ინდუსტრიის ტოპმოთამაშეა, რომელმაც საქართველოში ინვესტირებითა და საქმიანობის დაწყებით დაადასტურა ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, რომ აქ არსებული ჯანსაღი ბიზნეს გარემო და შესაძლებლობები ძლიერ კონკურენციას უწევს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილებისას მთავარი როლი ითამაშა ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სხვადასხვა უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნა, განათლებული მუშახელი, ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ხარჯების ეფექტურობა.
Teleperformance 1978 წელს საფრანგეთში შეიქმნა. კომპანია მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტის, კონტენტის მოდერაციის, კომუნიკაციის უზრუნველყოფითა და ტელემარკეტინგის სფეროში უდიდესი გამოცდილებითაა ცნობილი.
Teleperformance ამ ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით 410 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
ყველა ახალი ამბავი
0