მეოთხე პატიმარიც იყო: რას ჰყვება საქმის პროკურორი კლინიკიდან პატიმრების გაქცევაზე

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2023
გამოწერა
თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის მომენტში მსჯავრდებულთა გადაყვანისთვის განკუთვნილ სპეციალურ ტრანსპორტში კიდევ ერთი, მეოთხე მსჯავრდებულიც იმყოფებოდა, რომელსაც გაქცევა არ უცდია, განუცხადა საქმის პროკურორმა ლაშა ამირანაშვილმა ჟურნალისტებს.
„სპეციალურ ავტომანქანაში არის პატიმრების მოთავსების ორი საკანი. ორივე საკნის წინ არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ბადრაგის თანამშრომლები. ორივე საკანი იკეტება ცალ-ცალკე. ეს გაქცეული მსჯავრდებულები იყვნენ ერთ-ერთ საკანში, მეორე საკანში დარჩა ერთი მსჯავრდებული, რომელიც არ და ვერ გაიქცა. მისი კარის ურდული გადაკეტილი იყო და მას არც უცდია გაქცევა“, — განაცხადა პროკურორმა.
სამი მსჯავრდებული საბადრაგო სამსახურს „ავერსის" კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ 1 ნოემბერს გაექცა, როდესაც ისინი კლინიკის უკანა შესასვლელთან იმყოფებოდნენ და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ. თითქმის 24-საათიანი ძებნის შემდეგ, სამივე გაქცეული დააკავეს.
სამივე მსჯავრდებულს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის, რაც გადაყვანის ადგილიდან მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0