სპიკერი: კანდიდატის სტატუსთან მიმართებით რუმინეთის და სლოვენიის მხარდაჭერა იმედისმომცემია

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2023
გამოწერა
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ამ გადამწყვეტ მომენტში რუმინეთისა და სლოვენიის მხრიდან საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა იმედისმომცემია, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში (Twitter).
რუმინეთისა და სლოვენიის ოფიციალურმა პირებმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ხუთშაბათს, 2 ნოემბერს გამართულ კონფერენციაზე 2023 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე მხარდაჭერა გამოხატეს.
„ძალზე იმედისმომცემია ამ გადამწყვეტ მომენტში რუმინეთისა და სლოვენიის მხრიდან საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ასეთი სერიოზული მხარდაჭერა. ნამდვილი მეგობრობა ასეთი უნდა იყოს", - დაწერა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თავის კოლეგებს - რუმინეთის სენატის თავმჯდომარე ნიკოლაე ჩუკას და სლოვენიის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს.
„ბატონო ნიკოლაე ჩუკა და ქალბატონო ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩ, ვაფასებთ თქვენს თანადგომას,” - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
მინისტრი: ჩვენ ვატარებთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას - არ ვივიწყებთ საკუთარ ინტერესებს>>>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0