ოპერის თეატრის ტექპერსონალმა ხელფასის მომატების მოთხოვნით გაფიცვა გამოაცხადა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliოპერისა ბალეტის თეატრი
ოპერისა ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2023
გამოწერა
თეატრის ადმინისტრაციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ტექნიკურმა პერსონალმა ხელფასის მომატების მოთხოვნით გაფიცვა გამოაცხადა, ნათქვამია კულტურისა და მედიის სფეროში დამოუკიდებელი პროფკავშირების „გილდიის" განცხადებაში.
თეატრის სადადგმო მიმართულების 36 თანამშრომელი ხელფასების 100%-ით მომატებას და გათავისუფლებული ორი თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითხოვს.
„21-დღიანი მედიაციის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკურმა პერსონალმა გაფიცვა გამოაცხადა, ისინი ხელფასების მომატებას მოითხოვენ", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ თეატრის აფიშაში მომდევნო სპექტაკლი 14 ნოემბერსაა დაგეგმილი. ამ დროისთვის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე სპექტაკლის ჩატარების ან გაუქმების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თეატრში ასევე არ გაუკეთებიათ ტექპერსონალის გაფიცვასთან დაკავშირებით კომენტარი.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1851 წლის 12 აპრილს დაარსდა. 1874 წელს იქ ხანძარი გაჩნდა, რის გამოც შენობა მთლიანად განადგურდა. თეატრმა მუშაობა ახალ შენობაში 1896 წელს განაახლა. სეზონი გლინკას „ივან სუსანინით“ გაიხსნა.
1937 წელს თეატრს ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა. ამავე წელს თეატრი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის დამფუძნებლებმა ნინო რამიშვილმა და ილიკი სუხიშვილმა საკუთარი მოღვაწეობა სწორედ ოპერის თეატრის საბალეტო დასში დაიწყეს.
ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი – საქართველოს უდიდესი მუსიკალური თეატრია. ის ყოველთვის იყო საქართველოს ეროვნული მუსიკალური კულტურის ცენტრი.
ოპერის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. სარესტავრაციო პროცესს არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი ხელმძღვანელობდა - პროექტი 40 მლნ დოლარი დაჯდა.
ყველა ახალი ამბავი
0