არაფერი აქვს სათქმელი: დეპუტატი სააკაშვილის მიერ სუსთან თანამშრომლობაზე უარის თაობაზე

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2023
გამოწერა
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების ტყუილზეა ორიენტირებული და ამიტომაც, კონკრეტული ფაქტობრივი მტკიცებულებების არქონის გამო იგი უარს აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ჩვენების მიცემაზე, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
მსჯავრდებულმა სააკაშვილმა 30 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, საქართველოში დივერსიული ჯგუფი შემოვიდა, ამიტომ მას სურს შექმნას სამოქალაქო თავდაცვისთვის „ცხელი ხაზი". გუშინ კი ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას გამოძიებისთვის ჩვენების მიცემისთვის დაუკავშირდა. მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და სუსი „ეფ-ეს-ბეს" ფილიალად მოიხსენია.
„სააკაშვილის ეს განცხადება კიდევ ერთხელ აძლევს საზოგადოებას შესაძლებლობას, სწორად აღიქვას, რომ ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე ტყუილზეა ორიენტირებული... მისი განცხადების უკან კონკრეტული ფაქტობრივი მასალა არ დგას და ის ვერავის გაუზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, რაც არ არსებობს. სწორედ ამიტომ თქვა უარი სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე“, - განაცხადა მიქანაძემ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
როგორ შეიძლება აისახოს სააკაშვილის შეწყალება საქართველოში ვითარებაზე - კობახიძე>>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0