რატომ ვერ განხორციელდება გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია თავდაპირველი პროექტით?

© Sputnik / Alexander Imedashviliგორგასლის ქუჩა
გორგასლის ქუჩა - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
სპეციალისტების მოსაზრებებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, 360 ასწლოვან ხეს საფრთხე შექმნოდა.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. გორგასლის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა ვერ მოხდება იმ ფორმით, როგორც დაგეგმილი იყო, რადგან შესაძლოა ასწლოვან ხეებს საფრთხე შეექმნას, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
როგორც კალაძემ განმარტა, მერიას ჰქონდა იდეა, რომ კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ჩაეტარებინა, აბანოთუბანი-ბაგრატიონის ძეგლის მონაკვეთზე არსებული საავტომობილო გზა მიწის ქვემოთ ჩაეტანა, გვირაბები გაეკეთებინა, ზემოთ კი რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო.
„პროექტზე მუშაობა რომ დავიწყეთ, არსებობდა საფრთხე, რომ იქ არსებული ხე-მცენარეები ამას ვერ გაუძლებდა და მათი მოჭრა გახდებოდა საჭირო. შესაბამისად, თბილისის განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკთან ერთად დაიწყო კვლევითი სამუშაოები, თუ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა პროექტის ისე განხორციელება, რომ ხეები არ მოგვეჭრა", - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, კვლევებით დადგინდა, რომ პროექტი ვერ განხორციელდება იმ ფორმით, რა იდეაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა, თუმცა გორგასლის ქუჩაზე არსებული გზაგამყოფი სრულად რეაბილიტირდება.

„კვლევები ჩატარდა დენდროლოგის, ინჟინრის, გარემოსდაცვის და ტრანსპორტის სპეციალისტის ექსპერტულ მოსაზრებებზე დაყრდნობით და გამოიკვეთა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას დაახლოებით 360 ასწლოვან ხეს. მთელი ამ ქუჩის სილამაზე ამ ხეებშია და სწორედ ამიტომ გვინდოდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. მათი უმრავლესობა ზრდასრული ჭადარია", - აღნიშნა კალაძემ

მისი თქმით, შესაბამისი გამტარიანობის საავტომობილო გვირაბების მოწყობა გამოიწვევს ზრდასრული ჭადრის ხეების დაზიანებას და გზის დავიწროებას, რის შედეგადაც ეს მონაკვეთი ქალაქში არსებულ ნაკადებს ვეღარ გაატარებს.
„აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს როგორც სატრანსპორტო ნაკადების შეფერხება, ისე ასწლოვანი ხეების გახმობის საშიშროება. პროექტის იმ ფორმით განხორციელება ვერ მოხდება, როგორც ჩვენ გვინდოდა", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, იქ არსებული გზაგამყოფი მთლიანად მოწესრიგდება და მაინც ლამაზი სივრცე გამოვა.
ყველა ახალი ამბავი
0