მინისტრი გაქცეულ პატიმრებს: „დროულად მოეგეთ გონს და ჩაბარდით“

© Ministry of Justice of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. გიდასტურებთ, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან და მოვუწოდებ მათ ჩაბარდნენ სამართალდამცველებს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან.
დღეს ცნობილი გახდა, რომ „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი გაიქცა. შემთხვევა თბილისში, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ადმინისტრაციის ცნობით, საბადრაგო სამსახურს პატიმრები კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევაზე ჰყავდა მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.
„მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს. იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს“,- განაცხადა ბრეგაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად ვმოქმედებთ და, რა თქმა უნდა, ყველა სახის ღონისძიება ტარდება, რათა ეს ადამიანები დროულად იყვნენ დაკავებული... თუ რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, დადგება მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრები საავადმყოფოს ცენტრალური შესასვლელიდან გამოვიდნენ, დაახლოებით ასი მეტრი გაიარეს და კლინიკის მიმდებარე ტერიტორია დამხმარე კიბის გამოყენებით დატოვეს.
კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს.
ყველა ახალი ამბავი
0